ადვოკატი: ნიკა მელიას მიმალვის საფრთხე აბსურდულია

გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა აბსურდული ბრალდებებით, რათა ნიკა მელიას შეუწყდეს იმუნიტეტი, თითქოს მას აქვს 2 პასპორტი, არის მისი მიმალვის საფრთხე და არის აუცილებელი მისი დაკავება- ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში განუცხადა, სადაც ის ბრალდების დადგენილების ჩასაბარებლად მივიდა.

მისივე თქმით, თუ პროკურატურის ბრალი ეყრდნობა 20 ივნისს ნიკა მელიას გამოსვლა და მშვიდობიან მოწოდებებს, ეს არის აბსურდი.

,,ნიკა მელია დაბარებულია ბრალდების წარსადგენად, პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება და დაიწყო ნიკა მელიას სისხლის სამართლებრივი დევნა, პირველივე წუთებიდან საქმეში არის დარღვევები, ჩვენ ვთხოვეთ პროკურატურას გადმოეცა საქმის მტკიცებულებები რას ეყრდნობა ბრალდება, თუმცა არ გადმოუციათ, იმ ფონზე, რომ გენერალურ პროკურატურას პარლამენტთან ჰქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია. თუ პროკურატურა ნიკა მელიას ორ განცხადებაზე საუბრობს, სადაც ნიკა მელია მშვიდობიანად მიუთითებს ხელებაწევით შევიდეთ და გავაპროტესტოთ პარლამენტის ეზოში.თუკი ეს არის გადატრიალება და მასობრივი არეულობის, ბუნტის მოწყობა ეს არის აბსურდული ბრალდება. თვითონ არის პარლამენტში და მე როგორც მისი უფლებადამცველი კანონიერად ვიბარებ ბრალს, თუმცა თვითონ მზად არის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე”- განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.