ავიაკომპანიები რუს ტურისტებს, საქართველოში ჩამოსასვლელად, ალტერნატივას სთავაზობენ

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში შექმნილი სიტუაციის შედეგად, რუსეთის ფედერაციის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიაგადაზიდვები იკრძალება, ტუროპერატორებმა და ტურისტულმა კომპანიებმა კი, მიიღეს რეკომენდაცია, საქართველოში ტურების გაყიდვისგან, თავი შეიკავონ.

აღნიშნული რეგულაციები სამწუხარო აღმოჩნდა რუსი ტურისტებისთვისაც. საქართველო რომ ბევრს იზიდავს და მეზობელი ქვეყნები ხშირად სტუმრობენ დასასვენებლად, ბოლო დროის მონაცემებიც აჩვენებს, მათ შორის რუსეთი, უკვე მეორე წელია, მესამე ადგილს იკავებს. რუსი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ზღვა, მთები და წითელი ღვინო განსაკუთრებით მოსწონთ.

სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, რუსეთიდან  შემოსულ ტურისტთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ნახევარი მილიონი შეადგინა.

“2018 წელს რუსეთი საქართველოში ტურისტების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებდა. საქართველოში 1,7 მილიონი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. მოგვიანებით კი, რიცხვი 22,4% გაიზარდა და მიმდინარე წლის დასაწყისში 539,4 ათასი შეადგინა,” – აცხადებს რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ხელმძღვანელი ირინა ტიურინა და აღნიშნავს, რომ ავიამიმოსვლის შეჩერება ბევრ კითხვას და პრობლემას ბადებს.

ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ რუს ტურისტებს საქართველო განსაკუთრებით იზიდავს, მალევე გაჩნდა პეტიცია რუსეთის მოქალაქეების საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნების მოთხოვნით. დოკუმენტს, რომლის ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, ამ დროისთვის 3500-მდე ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი მატულობს.

საქართველოში ავიამიმოსვლებს ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებდა. ესენია: “Аэрофлот”, “Победа”, S7, “Уральские авиалинии”, Red Wings и “Норд авиа” თითოეულმა მათგანმა ბილეთების უკან დაბრუნება უკვე დაიწყო. მომხმარებელს, სურვილის შესაბამისად, როგორც საფასურის დაბრუნების, ასევე ბილეთის გადაცვლის საშუალება ექნება.

რუს ტურისტებს, თუ უბრალოდ, რუსეთიდან საქართველოში მოხვედრის მსურველებს, ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ, რამდენიმე გზა რჩებათ. მათ საქართველოში მოხვედრა ვლადიკავკაზიდან ავტობუსის საშუალებით შეუძლიათ. ვლადიკავკაზიდან საქართველომდე ჩამოსვლას სამი-ოთხი საათი სჭირდება. ღირებულება კი, 1000-1880 რუბლამდე მერყეობს.

ავტობუსით რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა, ერევიდანაც არის შესაძლებელი. ერევნიდან ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1300-1900 რუბლს შეადგენს.

რაც შეეხება ავიარეისებს, საქართველოში შესაძლებელია სტამბულის, ერევნის და ბაქოს აეროპორტების გავლით შემოხვიდე.

ქართულმა ავიაკომპანია “Georgian Airways -მა ” მოქალაქეებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის რეისები შესთავაზა.

“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან, რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით, საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს.

მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, ტრანსფერის დრო იქნება დაახლოებით 1 საათი.” – აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, თურქული ლოუკოსტერი “პეგასუსი,” მოქალაქეებს სტამბულის გავლით, საქართველოში მოხვედრას 240 დოლარად სთავაზობს.

ცოტა ხნის წინ კი, აღნიშნულ საკითხს, ბელარუსული ბიზნესიც გამოეხმაურა. კერძოდ, ავიაკომპანია “ბელავია” რუსეთის მოქალაქეებს თავის მომსახურებას სთავაზობს: “ჩვენ ჩაგიყვანთ იმ ქვეყნებში, რომელსაც ეჩხუბება თქვენი პრეზიდენტი” -აღნიშნულია “ბელავიას” მიერ გამოქვეყნებულ პოსტერზე.

ჯერჯერობით აკრძალვის შედეგად მიღებული ზარალის გათვლა შეუძლებელია. ის აკრძალვის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

 

წყარო: mcm.ge