„ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ“

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში წერს:

„შეძრწუნებული ვარ და ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. იქნებ ამ უბედურებამ მაინც გამოგვაფხიზლოს და დაგვაფიქროს მთელი საქართველო,.

იქნებ გავიაზროთ ყველამ, იერარქიის, სოციალური ფენისა თუ სხვა სახის კუთვნილებათა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ, რაშიც ლომის წვლილი ჩვენ- სასულიერო პირებს მიგვიძღვის, რომლებმაც ვერ მოვახერხეთ, ვერ ვუჩვენეთ სხვებს ის მაგალითი, რაც ჩვენ ქრისტემ გვიჩვენა თავისი მოღვაწეობითა და თავგანწირვით. ყველა ქართველმა იქნებ მოვახერხოთ იმის გაანალიზება, რომ ლუკა სირაძის ტრაგედია ერთი ოჯახის, ან ქალაქის თავზე დატრიალებული უბედურება კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს ყველა ჩვენგანმა დავკარგეთ 15 წლის შვილი და ეს მგონი საკმარისია, რომ დღეიდან მაინც დავიწყოთ ჩვენს სხვა შვილებზე ზრუნვა. ოღონდ ნამდვილი და არა სადღეგრძელოებითა და ემოციური სიტყვებიდან წამოსული. მიმოვიხედოთ გარშემო, დავინახავთ თუ როგორი დაუცველია ახალგაზრდობა სოციალური ბულინგის, ძალადობის, ნეგატიური ფონის, ნიჰილისტური განწყობისა და უკიდურესი სიდუხჭირისაგან, შინაური თუ გარეული მტრისაგან. თუ კარგად გავახელთ თვალებს იმასაც დავინახავთ, რომ ასეთ მდგომარეობაში და საფრთხეში მყოფი ახალგაზრდობისათვის რთულია მოინახოს ისეთი სივრცე, სადაც ის რეალურ ნუგეშს, დახმარებასა და თანადგომას მიიღებს. ჩვენ, სასულიერო პირებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ ეკლესია გახდეს ის ადგილი, სადაც მოვა ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე და მათ ეს გასაჭირი შეუმსუბუქდებათ. და ბოლოს, ის გულგრილობის ცოდვა, რაც ლუკასადმი გამოვხატეთ და ვერ შევძელით, რომ ამ უბედურებისგან გვეხსნა, იქნებ მისი ოჯახისადმი მზრუნველობით გამოვისყიდოთ და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მის წევრებს ის უდიდესი განსაცდელი, რაც სულ ახლახანს დაატყდათ თავს”.