არჩილ კაიკაციშვილი: შესაძლოა, საჯარო მხარდაჭერა გამოვთქვათ მოსამართლეობის რომელიმე კანდიდატის მიმართ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სიაზე შეფასებას აკეთებს.

როგორც მან აღნიშნა, საჯარო დოკუმენტი არაერთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიუთითებს და პროცესი რეალური კონკურენციის, საჭირო დებატებისა და გარკვეული ინტერესების ლუსტრაციის ფონზე ჩაივლის.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, წარმოდგენილი სია სასამართლო სისტემასთან, პოლიტიკურ პროცესთან და საზოგადოებრივ მოვლენებთან მდგომი ადამიანებისთვის თვალსაჩინო მაჩვენებელია, ვის რა სურს. სია სასამართლოს ინტერესის გამომხატველ კანდიდატებს ასახავს, ისინი, თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ახლოს მდგომ მოსამართლეებად უნდა შეფასდნენ, რომლებიც არც ერთი ჯგუფის ინტერესებს არ გამოხატავენ. სია იმ კანდიდატებს მოიცავს, რომლებსაც შეიძლება ლობირებდეს სხვადასხვა სამთავრობო უწყება. ასევე, მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ფინანსურად ძლიერი და დონორი ინსტიტუციებისგან მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებთან. სიაში ვხდებით პირებს, რომელთა წარმატებითაც შესაძლოა, დაინტერესებული იყოს საპარლამენტო პოლიტიკური ოპოზიცია და კანდიდატები, რომლებიც მოდიან თავისუფალი პროფესიიდან – ცნობილი ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, აკადემიური სფეროდან სამართლის შესანიშნავი სპეციალისტები.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ კანონით დადგენილ შემდგომ პროცედურებს. მნიშვნელოვანია, სიის შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე და თითოეულ გადაწყვეტილებას ახლდეს დასაბუთება. დღევანდელი მდგომარეობით, კონკურენცია, რაც აკლდა პროცესს, სახეზეა“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილის აზრით, მოსამართლეთა მსურველ სიაში საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის გამოჩენა არ უნდა შეფასდეს, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. აღნიშნული კონტექსტი უფრო პოლიტიკური ლოგიკით არის საინტერესო, ვიდრე მხოლოდ სურვილი, დასახელებული პირები იკავებდნენ მოსამართლის თანამდებობას. როგორც შალვა თადუმაძე, ასევე ზაზა თავაძე, კვალიფიციური ადამიანები არიან. საზოგადოების, პროკურატურის ან საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მათი დღევანდელი ხელმძღვანელები პროფესიაში წარმატებული ადამიანები არიან, თუმცა პოლიტიკური პროცესის საფუძვლიანი ანალიზი აჩვენებს, რომ გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და გენერალური პროკურორის თანამდებობები ვაკანტური გახდეს. ეს მომენტები, შესაძლებელია, დაკავშირებული აღმოჩნდეს გარკვეულ პოლიტიკურ ცვლილებებთანაც, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდი, ფაქტია, აღნიშნული ცვლილებების გარეშე არ ჩაივლის. ჩემი დაკვირვებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე, ისევე, როგორც მომავალი გენერალური პროკურორი, საქართველოს მთავრობის წევრი და პარლამენტის სპიკერატიდან შეიძლება გახდნენ. არ ვფიქრობ, რომ შალვა თადუმაძეს ან ზაზა თავაძეს, რაიმე ფორმით, პარლამენტმა უარი უთხრას საკასაციო სასამართლოს წევრობაზე.
„ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ გამოვრიცხავთ, საჯარო მხარდაჭერა გამოვთქვათ რომელიმე კანდიდატის მიმართ, რომელიც უნდა იმსახურებდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას“ ,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.