ახალგაზრდა ამერიკელებში ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობამ იკლო

ჯგუფ “ალტ ინფოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი ახალგაზრდები ლგბტ ადამიანების მიმართ ნაკლებად ტოლერანტულები ხდებიან, რაც გარდატეხაა იმ თაობაში, რომელიც ტრადიციულად, ცნობილია მიმღებლობითა და გახსნილობით.

ლგბტ ამერიკელების მიმართ მიმღებლობისა და დამოკიდებულებების შესახებ Harris Poll-ის მიერ გამოცემული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის ამერიკელების რიცხვი, რომლებიც ლგბტ ადამიანებთან ურთიერთობაში თავს კომფორტულად გრძნობენ, 8%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებელი 2017 წელს 53% იყო, ხოლო 2018 წელს – 45%-ია. თანაც ეს არის ერთადერთი ასაკობრივი ჯგუფი, სადაც კლება დაფიქსირდა. შემწყნარებლობის ვარდნის ძირითადი მაჩვენებელი ახალგაზრდა ქალებზე მოდის, 2017 წელს 64% იყო, 2018 წელს კი – 52%.

Harris Poll-ის აღმასრულებელი დირექტორი ამ ციფრებს საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს დისკრიმინაციის კუთხით სოციალური კრიზისის მაჩვენებელია.

სხვა მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ახალგაზრდების 36% ამბობს, რომ მათთვის უსიამოვნო იქნებოდა გაეგოთ, რომ მათი ოჯახის წევრი ლგბტ საზოგადოების წევრია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა; 34%-ისთვის უსიამოვნო იქნებოდა, გაეგოთ, რომ მათი ექიმი ლგბტ თემის წარმომადგენელია, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 27% იყო; 39% აცხადებს, რომ არასასიამოვნოა თუ მათ შვილებს სკოლაში ლგბტ ადამიანების ისტორიის გაკვეთილებზე დასწრება მოუწევთ, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 30% იყო.