„ბავშვის გარდაცვალებაში დამნაშავე  მთლიანად საზოგადოებაა, რადგან ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე“

დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. 

სხდომა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების თემით დაიწყო.

თბილისის მერი კახა კალაძე:

„მომხდარის გამო მწუხარებას გამოვთქვამ. მოზარდის ოჯახს ვუსამძიმრებ. 

 ბავშვის გარდაცვალებაში დამნაშავე  მთლიანად საზოგადოებაა, რადგან ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე.

ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ, მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში, რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა ჩვენს ირგვლივ იყო გამოწვევა, ხშირად შეიძლება ითქვას ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი იყო, ბიჭი გარდატეხის ასაკში , რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი რატომ? სამწუხაროდ, არ არსებობს თანაგრძნობა, სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ. ამას ხედავენ, ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება. როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე ვართ მთლიანად საზოგადოება, იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე“.

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

„მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.