ბარბარე კახიძე: “ახალი მეჩეთი საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია, თუმცა რელიგიური სიბეცეა, როდესაც მე მეჩეთის მშენებლობას მთხოვ, შენ კი ხანძთაში, უნიკალირი ტაძრის გვერდზე საპირფარეშოს მიშენებ”

ცოტა ხნის წინ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე, სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას, მუსლიმები წლებია ითხოვენ.

თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ, 2017 წელს კი, მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა ბათუმის მერიამ, ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა, რაც მუსლიმმა თემმა სასამართლოში გაასაჩივრა. ისინი დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობენ.

“თვალსაზრისი” თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუსლიმს, ბარბარე კახიძეს ესაუბრა. ბარბარე თურქეთში სასწავლებლად იმყოფება. ის გვიამბობს, თუ რა სიტუაციაა რელიგიური შემწყნარებლობის კუთხით საქართველოსა და თურქეთში:

_ გვიამბეთ, რა დამოკიდებულებაა თქვენს მიმართ საქართველოში და თავად თუ შეგქმნიათ ლოცვის დროს, მეჩეთის ნაკლებობის გამო პრობლემა? 

– ჩემთვის როგორც მუსლიმისთვის, მეჩეთის რაოდენობა არ განსაზღვრავს რწმენას. მე როგორც მუსლიმმა პირველ რიგში უნდა დავიცვა მუსლიმთა უფლებები, მაგრამ თუ ადამიანი არ არის მართალი, მე მას ვერ დავიცავ. ღმერთი დიდია და არ მიმაჩნია სწორად ერთი მეჩეთის აშენების გამო, ქართველების მხრივ ერთმანეთის  ხოცვა. მეზობელი და პოლიტიკური პარტნიორი კარგია, მაგრამ  ქრისტიანების მოთხოვნები უნდა იყოს გათვალისწინებული და არა პოლიტიკური დაკვეთა თურქეთის. მეჩეთი თუ საჭიროა უნდა აშენდეს, მაგრამ არა იმიტომ რომ თურქეთს ვასიამოვნოთ, არანედ იმიტომ რომ ჩვენი ხალხის, მაჰმადიან აჭარლების უფლებები არ შეიზღუდოს, თუ იზღუდება მეჩეთის აუშენებლობით, მაშინ აუცილებელია მისი აგება.

რადგან ჯუმას (მუსლიმური ლოცვა_ ავტ.) შესრულება სამლოცველოს გარეშე შეუძლებელია, ზოგჯერ არსებული მეჩეთების რაოდენობა საკმარისი არ არის და ხალხს ადგილი არ ჰყოფნის. ლოცვის შესრულება საჭიროა მაგრამ მეჩეთები ყველას ვერ დაიტევს, ზოგჯერ დამატებაა საჭირო.

ჩვენ ჩვენი ქვეყნის პრობლემები თავად უნდა მოვაგვაროთ, თურქეთს არ აქვს უფლება რამე გვიკარნახოს! მეგობრობა არის მხოლოდ იქ,სადაც თანაბარი პირობებია. არც ქრისტიანი და არც მუსლიმი მრევლი არ უნდა დარჩეს სალოცავის გარეშე. ტოლერანტობა მხოლოდ საქართველოს მხრიდან არ უნდა იყოს გამოვლენილი.

საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა და მხოლოდ მისი მხრიდან მეგობრობა არასამართლიანია.  რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას აჭარის ძალით გაქრისტიანების თაობაზე ტყუილია, ვფიქრობ, რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ აგირჩევს რჯულს. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ჩვენი დიდი და ტოლერანტი წინაპრები, მემედ აბაშიძე, რომლის დიდი ძალისხმევით აჭარა დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, ასევე ილია ჭავჭავაძე მაგრამ მაინც  და მაინც პატარა საქართველოსგან რატომ ითხოვს ამდენს თურქეთი? ან თუ ითხოვს და მეგობრობაზე აქვს საუბარი, მაშინ ორივე ქვეყანა თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ. თურქეთმაც უნდა ააშენოს ტაძრები.

ჩვენ არ განვიცდით მეჩეთის ნაკლებობას მით უფრო, აჭარაში. ვფიქრობ, რომ თანასწორობა უნდა იყოს.

ერთი მეჩეთის აშენებით არაფერი მოხდება, თუმცა თუ თურქეთს ტოლერანტობა უნდა, თავადაც უნდა ააშენოს დამატებით ტაძრები.  საქართველოში ბევრია მუსლიმთა მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანი. საქართველოში უფრო წავწყდომივარ ცუდ დამოკიდებულებას ჩვენდამი, ვიდრე თურქეთში ქრისტიანების მიმართ.

საუკეთესო გამოსავალი გლობალურად მიდგომაა. ჩემი და შენი არ უნდა არსებობდეს. ყველამ უნდა ილოცოს იქ, სადაც უნდა. შეიძლება ადრე ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, მაგრამ დღეს უნდა განვვითარდეთ და ერთმანეთი მეტად შევიყვაროთ.

თუ ლოცვა გინდა, სადაც გინდა იქ ილოცებ. ჯამე (პატარა სამლოცველო. – ავტ.) თუ არ აშენდა, მაინც ვილოცებ. არ აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა, აშენდება თუ არა ჯამე.  ვილოცებ, თუნდაც სახლში. იქ ვილოცებ, სადაც გამითენდება და დამიღამდება. ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებაში უფრო პოლიტიკური მოტივია.

თავად თურქეთში რელიგიური შემწყნარებლობის კუთხით რა სიტუაციაა? შეუძლია თუ არა ქრისტიანს თავისუფლად ლოცვა?

  • აქ ჩვეულებრივ დადიან ჩემი ახლობლები  ტაძარში. რიტუალებიც შეუფერხებლად ტარდება. არასდროს არავისგან ცუდი დამოკიდებულება არ მიგვრძნია. უკვე წლებია თურქეთში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, აქ თეოლოგიური განხრით სასწავლებლად ჩამოვედი.

თურქეთში ბევრი თურქი ქრისტიანიც ცხოვრობს და მათ არავინ ავიწროებს. ქართველებს რჯულშემწყნარებლობა არავისგან გვესწავლება. საუკუნეებია ჩვენ ქვეყანაში ერთმანეთის გვერდით მშვიდად ცხოვრობენ ქრისტიანები, მუსლიმები, იუდეველები, გრიგორიანელები, კათოლიკები და თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენლები. მათ აქვთ საკუთარი სამლოცველო ადგილები და არავის აუკრძალავს მათთვის რელიგიური თავისუფლება.

ცხადია, დანაშაულიც იქნებოდა, რადგან ეს მათი არჩევანია. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს იცავს კანონი და თითოეული ჩვენგანი კანონის წინაშე ვართ თანასწორი.

ნამდვილად არ განვიცდით მეჩეთების დეფიციტს, მით უფრო, – აჭარაში. ისე, მუდამ ჩვენგან რომ ითხოვენ მეზობელი სახელმწიფოები მეგობრობას, მათაც იგივე უნდა შეძლონ, მეგობრობა ორმხრივია. ხანძთაში, უნიკალური ტაძრის გვერდზე, საპირფარეშოს რომ მიაშენებ, არ მგონია, მეგობრობა იყოს. არც ის არის მეგობრობა, შენ რომ აზერბაიჯანი ხარ და დავით გარეჯის ლავრას მედავები. ამით ამ ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს არ სცემ პატივს. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს,  უამრავი აზერბაიჯანელი და სომეხი მეგობარი მყავს, საოცრად თბილები და გულისხმიერები არიან.
ზოგს რატომ ეგონა, თუ ბაქო მონასტრებს უფასო გაზით მოამარაგებდა, სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდა. პრინციპში, მართლა არაფერი მოუთხოვია, უბრალოდ, გარეჯის უდაბნოს ეპოტინება…
მივიღებ ნებისმიერ სტუმარს, გადავყვები, ბოლომდე დავიხარჯები, მაგრამ ჩემს სახლში ჩემს სტუმარს, რაც უნდა დიდხანს დარჩეს, ჩემზე მეტი უფლებები ვერ ექნება. ეს რელიგიური პოლიტიკა კი არა, რელიგიური სიბეცეა!

ესაუბრა: მარიამ ნოზაძე

კათოლიკური ეკლესია თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ფოტოკოლაჟი: