ბახტაძე კახიძეს: 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა ვალების განულება, აქამდე მიგვიყვანა თქვენმა წარმოებულმა პოლიტიკამ

„ჩვენ 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა უმნიშვნელოვანესი პროგრამის გაკეთება – ვალების განულება, იმიტომ, რომ აქამდე მიგვიყვანა თქვენს წარმოებულმა პოლიტიკამ და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დეპუტატ ოთარ კახიძის მიერ დასმულ კითხვას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას, რათა პროცენტები კიდევ უფრო შემცირდეს, სესხები გაიცემოდეს ლარში, რათა საზოგადოება დაზღვეული იყოს სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისგან და სესხები იყოს ხელმისაწვდომი.
„ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმის მიუხედავად, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ თქვენ ამას. ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა გვაქვს და დღეს მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებდით, იქნებოდა მწვავე, მაგრამ შინაარსობრივი კითხვები. ამის მაგივრად კიდევ დაბრუნდით „თიბისის“ საქმეზე“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს.
მამუკა ბახტაძეს დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.