ბესარიონ მიქავა: ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მტერია!

 „ეგენი ქართველს არ იცნობენ, ქართველი ყველაფერს აიტანს, მაგრამ, მასხრად აგდებას არასოდეს!“ – აცხადებს იბერიულ-კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი

ბესარიონ მიქავა:

– დიდი ხნის განმავლობაში პროპაგანდით გვაბრუებდნენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები არიან, არადა, უკვე 30 წელია, ამერიკის და ევროკავშირის ფონდებიდან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარამეტრებზე – ეროვნულ ღირებულებებსა და მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე სტრატეგიული შეტევები ხორციელდება! ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი რეალურად რომ ყოფილიყო, ამ ხნის განმავლობაში შეძლებდა , 3 მილიონიანი ერი აეყვავებინა, მაგრამ აყვავების ნაცვლად, ჩვენი მთავარი სასიცოცხლო ფასეულობების განადგურებას შეეცადა. ბოლოსდაბოლოს, ჩვენი ხელისუფლება გონს მოვიდა, შეუდგა გესლის სათავეს გადაკეტვას და, მიიღო კანონი, რომელიც ყოველ ცივილურ და თავმოყვარე სახელმწიფოში, მათ შორის, აშშ-ში და ევროკავშირშიც მოქმედებს და აი, როგორც კი შხამისგან თავის დაღწევის პერსპექტივა გამოიკვეთა, ჩვენს „სტრატეგიულ მეგობრებს“ კი არ გაუხარდათ, არამედ, სანქციების დაწესებას იწყეს. დამოუკიდებელ ქვეყანას საკუთარი კანონის მიღებას რომ აუკრძალავ, რაც შენ თავად გაგაჩნია, ის „მეგობრისთვის“ რომ არ გემეტება, მეგობარი კი არა, მტერი ხარ, აბა რა ხარ?! ამიერიდან, თავისნაირები გააპამპულონ!

 – სანქციებით რა ზარალს მოგვაყენებენ?

– თუ სანქციების ძირითადი დანიშნულება ის არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააპირისპირონ ხელისუფლებას – საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საერთოდ არ არის ნამყოფი ამერიკაში. ამერიკაში მოგზაურობა ძვირფასი ფუფუნებაა და ბევრი არაფერი დააკლდებათ, თუ მომავალშიც ვერ გაემგზავრებიან. არც ფაბრიკა-ქარხნები და წარმოება შეუქმნიათ ჩვენთვის, რომ მათი გაჩერებით შეგვაშინონ. მეორეს მხრივ, მეგობარი ქვეყნის მოსახლეობას რატომ უნდა დაუწესო შენს სახელმწიფოში შემოსასვლელად შეზღუდვა? ხელისუფლებაზე თუ გაბრაზდნენ, მარტო ხელისუფლების დასანქცირება ეკმარათ, ხალხს რას ერჩიან?! დაე, უკლებლივ ყველას აგვიკრძალონ ამერიკაში გამგზავრება, უარესს მაინც, ვერაფერს დაგვიშავებენ! დასავლეთიდან საქართველოში იმპორტი მინიმალურია. სხვას რას შეგვიზღუდავენ? საკუთარ რეზიდენტ არასამთავრობოებს  ფულს აღარ ჩაურიცხავენ? ეს კანონი მხოლოდ დეკლარირებას ითხოვდა და დეკლარირების ნაცვლად საერთოდ თუ დახურავენ თავიანთ ვასალ ორგანიზაციებს, ისევ საკუთარ ინტერესებს დააზარალებენ! როგორც ჩანს, აქ დიდ დანაშაულს სჩადიოდნენ თავიანთი შავი ფულებით და იმიტომაც აფუთფუთდნენ! გამოდის, ისეთი რაღაცები აქვთ დასამალი, რომ ურჩევნიათ რეზიდენტი ორგანიზაციები საერთოდ დახურონ, ვიდრე დეკლარირებას დათანხმდნენ…  თუ ასეა, გაცილებით ადრე უნდა გვეზრუნა ამ კანონის მიღებისთვის! ახლა პირდაპირ უნდა გითხრათ – ქართველებისთვის ამათგან სანქციები უცხო ხილი არ არის!

 – როგორ? სხვა დროსაც დაუწესებიათ?

– დასავლეთი საქართველოს მაშინვე გადაეღობა, როგორც კი ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი გამართა! დიახ, ქართველებს დაუპირისპირდნენ, რადგან ერმა მტკიცედ გადაწყვიტა, თავისუფლება ცხოვრების პრიორიტეტად ექცია, ხოლო საქართველოს თავისუფლება დასავლეთის ინტერესებში არ შედიოდა და არც ამჟამად შედის! უპირველესად, სანქციები ჯერ ფარულად, შემდეგ უკვე აშკარად დაუწესეს საქართველოს თავისუფლების ხორცშემსხმელს, ზვიად გამსახურდიას. აღმოჩნდა, რომ, თავს ვიტყუებდით: ამერიკა და ევროპა არასოდეს ყოფილან საქართველოს მეგობრები! „მეგობრებს და პარტნიორებს“ გვიწოდებნდენ, ვიდრე მათ ინტერესებში ვმოქმედებდით; აკი, ზვიად გამსახურდიასაც იქამდე უჭერდნენ მხარს, ვიდრე ის ებრძოდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და ზვიად გამსახურდიამ ქართველთა პრიორიტეტად „ენა, მამული, სარწმუნოება“ გამოაცხადა, მის წინააღმდეგ ცილისწამების და დისკრედიტაციის ნიაღვარი დაძრეს, რომელიც მერე პირდაპირ, სანქციებში გადაიზარდა! ასე დაემართება საქართველოს ყველა ლიდერს, რომელიც გულწრფელად ჩადგება ერის ჭეშმარიტი ინტერესების სამსახურში!

 – რაში გამოიხატა ზვიადის მიმართ სანქციები?

– ევროპაში არ შეუშვეს, როდესაც პუტჩის შემდეგ ჰელსინკიდან გერმანიაში გადასვლა და იქ ბრიფინგის ჩატარება დააპირა! იძულებული გახადეს, ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო. მანამდე, ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა პირდაპირ განუცხადა, რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა და მისი მოქმედებები არ ჯდებოდა ამერიკის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში. ეს ფაქტობრივად უკვე იყო ზვიად გამსახურდიას მიმართ კოლექტიური დასავლეთის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ძალიან მალე აღასრულეს კიდეც! საქართველოს მიმართ დასავლეთის მიდგომები არ შეცვლილა. „”ხომ ნახეთ, ფიცოს (სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი, რომელსაც ლიკვიდაციის მიზნით ესროლეს) რაც დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ!“ – წარბშეუხრელად განუცხადა სატელეფონო საუბარში საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და ამით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ფიცოს ლიკვიდაციის განზრახვის მიღმა დგანან იგივე ძალები, რომლებიც მომავალში საქართველოს პრემიერს ამოიღებენ სამიზნედ. ესეც ფაქტობრივად, უკვე განაჩენია ქართველი პრემიერის მიმართ, რომელმაც უცხოეთის აგენტების გამჭვირვალობის კანონის ინიცირება მოახდინა! დიახ, დასავლეთი უკან არ იხევს თუნდაც რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების ლიდერების არა მხოლოდ დასანქცირებაზე, არამედ,  ლიკვიდაციაზეც, ვინც კი მათ  ინტერესებს თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაეღობება. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ ირაკლი კობახიძის მიმართ! მუქარა ბიძინა ივანიშვილსაც ეხება! გავიხსენოთ,  დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს ქებას ასხამდა, ვიდრე ისინი დასავლური დღის წესრიგის ფარგლებში მოქმედებდნენ, მაგრამ თუ ისინი გულწფელად ჩადგებიან ქართველი ერის ფუნდამენტური ინტერესების სამსახურში, დასავლეთმა შეიძლება იმგვარადვე გაიმეტოს, როგორც ზვიად გამსახურდია გაანადგურა! ეს არის დასავლეთის დამოკიდებულება ქართველი ერის გულწრფელად გულშემატკივარი ყველა დროის ყოველი ლიდერის მიმართ! ეს არის მათი სანქციის ნამდვილი გამოვლინება და გამოხატულება.  მაგრამ, ბლინკენები მოდიან და მიდიან, ხოლო საქართველო მარადიული და მუდამ გამარჯვებული რჩება!

 – ვინმეს მიმართ ყოფილა ამერიკა ნამდვილი პარტნიორი?

– ამერიკამ სადაც ოდესმე ფეხი დადგა, იქაურობა ნაცარტუტად აქცია. თავის დროზე ჰუსეინმაც და კადაფმაც ამერიკა პარტნიორად მიიჩნიეს, მაგრამ როგორ დაასრულეს – ყველამ იცის. ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც ნომინალურია ყოველგვარი ჰუმანური ღირებულება. გასული საუკუნის შუაში, მსოფლიოსთვის თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად მათ ერთბაშად რამდენიმე მილიონი მშვიდობიანი იაპონელის სიცოცხლე გასწირეს, როდესაც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარეს! ჩვენ შეგვაგონებენ, რომ გავაუქმოთ უცხოეთის აგენტების მამხილებელი კანონი, რომლის ანალოგი თავად გააჩნიათ. ფაქტობრივად, შეგვაგონებენ, რომ კონტროლი არ ვიქონიოთ უცხოეთიდან დაფინანსებულ აგენტურაზე, ამ საქციელს „დემოკრატიის“ ქომაგობად ნათლავს ქვეყანა, რომელშიც 70-იან წლებამდე შავკანიან ადამიანებს არ უშვებდნენ თეთრკანიანებისთვის აშენებულ ტუალეტებშიც კი! რომელშიც 80-იან წლებამდე „კუკლუქსკლანი“ მძვინვარებამდა და რასობრივი ნიშნით გენოციდებს აწყობდა! აღარაფერს ვამბობ ამერიკელების იმ დანაშაულებზე, რომლებიც სხვა ერების „დახმარების“ შირმით ჩაიდინეს. მსოფლიომ იხილა, რა სამარცხვინოდ გამორეკეს ისინი ავღანეთიდან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებმა   თვითმფრინავის ბორბლებზე ჩამოკონწიალებით  დააღწიეს თავი ავღანელი ხალხის რისხვას.

 – რა შანსები გვაქვს, თანამედროვე მსოფლიოში თავისუფლება შევინარჩუნოთ?

– 1976 წელს ზაგორსკის მონასტერი მოინახულა ქართველმა პროფესორმა ნათელა გოგებაშვილმა, რომელიც ადგილობრივ ბერს ესაუბრა. აი, ჯერ კიდევ იმ საბჭოთა პერიოდში ბერს უთქვამს – „დადგება დრო, როდესაც მსოფლიოს ხსნა საქართველოდან იქნება, თუმცა თვით საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 2/3 გადარჩება, რადგან როგორც ქრისტე ამბობს, „მოწოდებული ბევრია, რჩეული კი, ცოტა.“ თუმცა ეს 2/3 საკმაოდ დიდი რაოდენობაა სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაიღუპება. მოვა დრო, როდესაც იბერიას მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება, მაგრამ ის მაინც გაიმარჯვებს, რადგან ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი და მაცხოვარი იცავს!“ საქართველო სახარებისეულ ლაზარესთან არის გაიგივებული, რომელიც გარდაცვალებიდან 4 დღის შემდეგ უფალმა მკვდრეთით აღადგინა. ახლა კაცობრიობა დაახლოებით იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც 4 დღის მიცვალებული ყარს… მაგრამ ძალიან მალე საქართველოსთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ახალი ერა დადგება. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”