ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, პირველი საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის შედგების გაანალიზებას, არსებული პრობლემების გააზრებას, მცენარეთა კონსერვაციის საკითხებზე თანამშრომლობის ეროვნული პლატფორმის შექმნასა და სტრატეგიული ხედვების ფორმირებას.

„გლობალური გამოწვევების ფონზე მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლა და მისი კონსერვაცია უმნიშნელოვანეს მიზნად არის დასახული ბოტანიკური ბაღებისა და დაწესებულებების, ასევე ზოგადად, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისთვის.

აღიარებულია, რომ მცენარეთა სახეობების კარგვა და მცენარეთა ბუნებრივი ჰაბიტატების წინაშე არსებული საფრთხეები დროული და ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ამ ფონზე მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგია წარმოადგენს მექანიზმს, რომლის მეშვეობით ქვეყნები და ორგანიზაციები ფოკუსირდებიან მცენარეთა კონსერვაციის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე

კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს კონსერვაციის რეგიონული და ეროვნული მიზნების განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს ვიწრო ლოკალური გავრცელების სახეობებისა და უნიკალური ჰაბიტატების დაცვასა და კონსერვაციას ადგილობრივი ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნების და შესაბამისად, მომავალი თაობების კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

კონფერენციის ფარგლებში 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი მცენარეთა კოლექციების გაცვლისა და მცენარეთა კონსერვაციის საკითხებზე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და მისურის ბოტანიკურ ბაღს შორის. ასევე გაფრმდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, პასუხისმგებელ სახელმიწფოს უწყებებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის საქართველოს მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელის შექმნის თაობაზე, რომელიც 15 სუბიექტს გააერთიანებს.

„საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკური ბაღმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მიზნად დაისახა ითავოს მცენარეთა კონსერვაციის ადგილობრივი სტრატეგიის მომზადება და მისი განხორციელების პროცესში ორგანიზაციების, მკვლევარებისა და დაინტერესებული პირების შემოკრება.

ჩვენს მიერ დაგეგმილი პირველი საერთაშორისო კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანის ნაწილია, ეს საშუალებას მოგვცემს გავიზიაროთ ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება, მოვისმინოთ იდეები, გავეცნოთ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მიღწეულ შედეგებს, მათთან ერთად გავიაზროთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები, განვსაზღვროთ ის ნაბიჯები, რაც დაგვეხმარება  საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის ძირითადი ხედვების ჩამოყალიბებაში“ – განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

კონფერენცია, რომელშიც ბოტანიკური ბაღის ორმოცზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის 110 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 13 ქვეყნიდან, სამი დღე იმუშავებს სამეცნიერო და პლენარული სესიების, მრგვალი მაგიდისა და ვორქშოპების ფორმატში და 22 მაისს კონფერენციის შეჯამებით დასრულდება.