განახლებული ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნა

„ქალაქ თბილისში, რეაბილიტაციის ფარგლებში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, სრულად შეიცვალა საკომუნიკაციო ქსელები: მოეწყო სადრენაჟო სისტემა, განახლდა წყალარინების და სანიაღვრე ქსელები, ასევე წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემები. ჯამში, სამუშაოების ღირებულებამ 10.5 მლნ ლარი შეადგინა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზეა აღნიშნული.
„ორბელიანის მოედანზე მდებარე 20 რესტავრირებულ-რეაბილიტირებული შენობიდან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან ათი შენობა ხელახლა აშენდა. შენობების გარდა, სრულად განახლდა შიდა ეზოები. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი. რეაბილიტაციის ამ ნაწილის ღირებულება 45 მლნ ლარია.
შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია. სადგომი თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, აღჭურვილია უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეო-მეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით. ავტოსადგომის მშენებლობის ღირებულება 9 მლნ ლარია.
რეაბილიტაციის პროცესში, ე.წ. ყვავილების ბაზრობისთვის დაგეგმილია სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონების მოწყობა.
რეაბილიტაციის პროცესში კერძო ინვესტიციით, უშუალოდ სარეაბილიტაციო ქუჩებზე დაიწყო ოთხი სასტუმროსა და ორი სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.
დასკვნით ეტაპზე, განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ძეგლის სტატუსის მქონე ორი რეკრეაციული ზონის – 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი განახლდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.
ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია, « – აღნიშნულია განცხადებაში.
კახა კალაძე მადლობას უხდის გუნდის წევრებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის:
„უბედნიერესი ადამიანი ვარ ჩემს თანაგუნდელებთან – იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა ორბელიანის მოედანი მისი მიმდებარე ქუჩები ასეთი ლამაზი და კეთილმოწყობილი ყოფილიყო. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ მთელი ქალაქი ასეთი იყოს – გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული, ძალიან ბევრი მწვანე სივრცით.“- აცხადებს დედაქალაქის მერი.

განახლებული ორბელიანის მოედნის გახსნასთან დაკავშირებით 2019 წლის 3 ივნისს, კონცერტი მოეწყო, სადაც პარლამენტის წევრები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მხარდამჭერ ორგანიზაციებს სიგელებით აჯილდოვებდნენ.

რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკა რაჭველის ხელმძღვანელობით და ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: ნანი ბრეგვაძემ, ნინო ქათამაძემ, ანსაბლმა შვიდკაცამ და სხვებმა, საღამო მუსიკალურად დაამშვენეს.

თბილისის მერის მეუღლე და შვილი

კახა კალაძე, ცისფერი ტრიოს გამოსვლას იღებს

კახა კალაძე კმაყოფილია კონცერტის მსვლელობით
კახა კალაძეს, წარმატებით ჩატარებული პროექტის დასრულებას ულოცავენ
თბილისის მერი, სიხარულით იღებს ფოტოებს მსურველებთან