გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ლანჩხუთის “გურიის” ფეხბურთელის, რატი იმერლიშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც ადვოკატმა მაია ყანადაშვილმა განაცხადა, გირაოს თანხა მიზერული იქნება ბრალდებულის ფინანსური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება იმერლიშვილის მიერ რაიმე თანხის აღება.

“არცერთი ვიდეო არ არსებობს, სადაც ჩანს მის მიერ თანხის აღება ან მოთხოვნა. არც ფარული ჩანაწერები არაა. პირიქით, ჩანს, რომ მათ ეს არ უნდათ. გარკვეულწილად რჩება შთაბეჭდილება, რომ მიგზავნილია აგენტ-პროვოკატორი, რომელიც მათ პროვოცირებას ახდენს. იმერლიშვილთან მიმართებაში არის მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერი, სადაც საუბარია ბანკის ვალზე”, – განაცხადა იმერლიშვილის ადვოკატმა.

სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.