“გენერალური პროკურორობიდან შალვა თადუმაძის შესაძლო წასვლა, უწყებისთვის დანაკლისი იქნება”- თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, მისთვის სასიხარულოა გენერალური პროკურორის ინტერესი, იყოს მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. როგორც მან აღნიშნა, პროკურორობიდან შალვა თადუმაძის შესაძლო წასვლა უწყებისთვის დანაკლისი იქნება.
“ის, რომ ბატონ შალვას აქვს ინტერესი, უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე, მედიიდან შევიტყე. არ დაგიმალავთ, მისი ეს ინტერესი გამეხარდა კიდეც, მაგრამ დაველოდოთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რადგან წინ მას უწევს კონკურსი. რაც შეეხება გენერალური პროკურორობიდან მის შესაძლო წასვლას – ვფიქრობ, ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება, რადგან, როგორც თავადაც ბრძანებს, შედარებით ახალდანიშნული გენპროკურორია, აქვს სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიზნები მისაღწევი და ვფიქრობ, რომ ის ამ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს დღესაც”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
​მისივე შეფასებით, შალვა თადუმაძე პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება მოსამართლის ამპლუაშიც, რაც, მინისტრის თქმით, მისი გენერალური პროკურორობის დროსაც მტკიცდება.
„ვფიქრობ, ბატონი შალვა შესანიშნავი გენპროკურორია, პოლიტიკურად ნეიტრალური. მან ეს საქმეში აჩვენა და, ამ მხრივ, ვფიქრობ, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იქნება ან ნაკლები იქნება, თუმცა კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.