გიგა ბოკერია: საერთაშორისო ასპარეზზე რეზოლუციები, ჩვენი დიპლომატიური პოზიციის გამყარების მნიშვნელოვანი კომპონენტია

“რეზოლუციები ჩვენი დიპლომატიური პოზიციის გამყარების საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან,  და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
თუმცა, მისივე თქმით, კარგია, როდესაც დოკუმენტში მხარდაჭერის ნებისმიერი ზრდა მოხდება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი კომპონენტი, რომლითაც პოზიციას ვერ დააფიქსირებ.
“რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს და დაპირისპირება არ იყოს რუსეთთან, მაგრამ პრობლემა გვაქვს რუსეთისგან და სანამ ოკუპაციის პრობლემა იქნება, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენი საკითხი იყოს დაპირისპირების სიაში, რადგან ეს არის ჩვენი დაცვის საშუალება. რაც შეეხება მეზობლებს – გეოპოლიტიკური რეალობა არაა საქართველოსთვის მარტივი, ამიტომ უნდა იმუშაო, სადაც შეიძლება, რომ ცვლილება მოიტანო. ეს ცვლილება დღეს თუ ვერ მოვა, უნდა იმუშაო, რომ ხვალ მოვიდეს. მარტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერაფერს იზამს, თუმცა ამ სამინისტროსა და მინისტრის მიმართ უაღრესად კრიტიკული აზრის ვარ. აქ მარტო სამინისტროს პრობლემა არაა. პრობლემაა მთელი გუნდის, ხედვისა და მრწამსის საკითხი. ღარიბაშვილის პერიოდში იყო ძალიან სახიფათო ფაზა – მას როცა ეკითხებოდნენ, საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის პრობლემა თქვენსას ხომ ჰგავსო, ის პასუხობდა, რომ არა, ჩვენ რუსეთთან ყველაფერი მოვაგვარეთო. შეგიძლიათ, იხილოთ მისი კომენტარი არქივში. ამ გზავნილების შემდეგ და იმის მერე, რომ კიევში პრემიერის ორმხრივი ვიზიტი უკვე შვიდი წელია, არ ყოფილა, რთულია, ისაუბრო მთავრობის სტრატეგიაზე, რადგან უკრაინის პრობლემა არის ჩვენი პრობლემის გაგრძელება“, – განაცხადა ბოკერიამ.
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. აღსანიშნავია, რომ წელს გაერო-ს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – უკვე 44-ით მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას.