გიორგი გახარია: ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების რიცხვი, კრიტიკულად შემცირდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პარლამენტის შენობის წინ ბიუსტის დადგმის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გახარიას განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში, ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად, ახალგაზრდების გარდაცვალების რიცხვი კრიტიკულად შემცირდა. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, პოლიცია ამ ბიუსტით ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

“პირველი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ, როგორც ჩვენი ოპონენტებისგან, ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც და აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას.

შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება: 12 მაისის შემდეგ, როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, კლუბებთან დაკავშირებული, კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი, ერთი წლის განმავლობაში, გვქონდა 2 შემთხვევა – ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ, ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 12 მაისიდან 12 მაისამდე, საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა 2 ტრაგიკული შემთხვევა.

ამის შემდეგ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური, გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არცერთი დახურული ზონა.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას. როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტით გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დგას აქ, რუსთაველზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, დღეს, კლუბ „ბასიანში’ სპეცრაზმის შეჭრიდან 1 წლის შემდეგ, აქტივისტებმა პარლამენტის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის: “მოდით, დავიწყოთ ბოდიშით!” რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ამის მიზანი გამოხატვის თავისუფლების დაცვაა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში 2018 წლის 14 მაისს, მას შემდეგ მოიხადა, რაც კლუბ „ბასიანში“ შეჭრას მასობრივი აქციები მოჰყვა. ბიუსტი, პარლამენტის შენობის წინ, ორი დღით დარჩება.