გიორგი კახიანი – არ შეიძლება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა რეაგირების გარეშე დარჩეს

არ შეიძლება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა რეაგირების გარეშე დარჩეს, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„შეიძლება, ეს ძალიან ცუდი შედეგების მატარებელი იყოს. ეს ხელისუფლება იქნება, თუ რომელიმე სხვა, ამ შემთხვევაზე უმოქმედობა და რეაგირების არქონა სახელმწიფოს და საზოგადოებას ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან“, – განაცხადა კახიანმა.
„შს მინისტრმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ პარლამენტში მოვიდეს. პარლამენტის წევრებს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებს დაგროვილი კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ და ბუნებრივია, მინისტრის მოსაზრებებსაც მოვისმენთ ნებისმიერ საკითხზე. მათ შორის – ამ კითხვაზე, თუ რამდენად სწორი იყო რეზინის ტყვიების გამოყენება, შეიძლებოდა თუ არა ამის გარეშე და ა.შ.“, – განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, ერთი მხრივ, არის პოლიციის ქმედება და მეორე მხრივ, ცალკეული პოლიციელების ქმედებები, რაც ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.

„ეს ერთმანეთისგან გასამიჯნია. ვფიქრობ, პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა იმ მომენტში და ვითარებაში, რა ვითარებაშიც მოქმედება მოუწია. თუმცა, ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალიან დიდი ალბათობით, იყო გადაცდომები. პოლიცია საათების განმავლობაში უბრალოდ, იდგა და მას თავს ესხმოდნენ. პირიქით, რაღაც მომენტში ის განცდაც კი გამიჩნდა, მათი მხრიდან რეაქცია დაგვიანებული ხომ არ იყო. ანუ, დაშლისკენ გადადგმული რეაქცია. იმიტომ, რომ პოლიცია იდგა, მას თავს ესხმოდნენ, იტაცებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამას რომელ სახელმწიფოში, რომელი პოლიცია და ვინ მოითმენს?! ეს ქვეყნისთვის კატასტროფული სურათი იყო. ხელისუფლებისთვის კი არა, ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ შეიძლება“, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, ქვეყანას უმძიმესი შედეგები ელოდა, პოლიციას მომიტინგეთა დიდი მასა რომ ვერ შეეჩერებინა, რომელიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდა და პარლამენტში შეჭრა და დარბევა რომ მომხდარიყო.
„ერთი წამით წარმოვიდგინოთ ეს სურათი, რა უმძიმესი შედეგები გველოდა. ალბათ, თუ მეტი არა, ერთი ათი წლით დავიხევდით უკან და ფაქტიურად, იმ 90-იან წლებში დავბრუნდებოდით, რაზეც ერთხელ და სამუდამოდ ვთქვით უარი. საქართველოში გადატრიალებებით, შეჭრით და დარბევებითხელისუფლებაში მოსვლა უნდა დასრულდეს. ოპოზიციას რომ ჰკითხო, ყოველთვის ამას ამბობენ – მშვიდობიანი გზითო და გეკითხებით, ეს მშვიდობიანი გზა იყო?! საზოგადოებამ ხომ ნახა ეს?!“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.