გიორგი შენგელია: ზუგდიდელების განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, ოჯახთან ერთად, ზუგდიდის N28 სააარჩევნო უბანში მივიდა.
მან დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობიან დღესა და მშვიდობიან არჩევნებს, ისინი მშვიდ გარემოში მისცემენ ხმას. მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს, იმ პროექტების გაგრძელებას, რაც დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა ბრწყინვალეა და ხალხის, ზუგდიდელების განწყობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ. მოლოდინია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის, რაც შეეხება დარღვევებს, ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესაბამისი რეაგირება იქნება და ყველა ფაქტი აღმოიფხვრება, რომელი მხარის ჩადენილიც არ უნდა იყოს, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა“, – განაცხადა შენგელიამ.
მან გაიმეორა მმართველი გუნდის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მაღალი აქტივობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.
„აქტივობის შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. ზუგდიდელები წყვეტენ, თუ ვინ იქნება გამარჯვებული და რომელსაც გადაწყვეტენ, ის იქნება ზუგდიდის მერი. რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირება იქნება შესაბამისი და ჩვენ პატივს ვცემთ ზუგდიდელების არჩევანს“, – აღნიშნა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.