„გირჩის“ ლიდერი საროსკიპოს გახსნას აანონსებს – 1 საათი 50 ლარამდე ეღირება

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რამდენიმე დღის წინ, სასტუმროების მეპატრონე როენა ხუცურაულის დაკავებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ თბილისში ახალი საროსკიპო, სახელწოდებით „პიონერი“ გაიხსნება. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, სპონსორი კი ერთ-ერთი „სექსშოპია“. 1 საათით ამ ფართის დაკავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება, სერვისით კი შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს სექსუალური მომსახურებით სარგებლობა. „აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6-წლამდე. ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი – ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი“, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ, რის შემდეგაც პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჰერმან საბოს სთხოვა, ოფიციალურად გაეხსნა „საროსკიპო“.

მისი განმარტებით, „ასე არცერთი მსგავსი დაწესებულება არ არის მოწყობილი, არამხოლოდ საქართველოში, არამედ – მთლიანად ამიერკავკასიაში“.

„რამდენიმე დღის წინ დააკავეს რამდენიმე სასტუმროს მეპატრონე, რომელთაც ბრალად ედებათ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და ადგილის გადაცემაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სექსინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს სისტემა როგორც მონებს, ისე ექცევა და ყველა ხელისუფლება, რომელსაც სჭირდება სხვა პოლიტიკური თემის გადაფარვა, ახორციელებს ხოლმე ამ ადამიანების ტერორს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.