გურჯაანში ატმის მოსავლის დროულად აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებსა და გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი ატმის მოსავალზე ინფორმაციის მოპოვებას, სისტემატიზაციას, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა განხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.