დავით ზალკალიანმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მან ებრაელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მილოცვაც წაიკითხა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სამაგალითო ურთიერთობებს, რომელიც მრავალი საუკუნეების მანძილზე არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ყურადღება გაამახვილა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ქვეყანებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.

„მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ისრაელს, ვუსურვო წარმატება, აყვავება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავა, რადგან ამის ყველა შესაძლებლობა და უდიდესი პოტენციალი არსებობს”-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.