დიანა ღურწკაიამ რუსებს ქართველების სახელით მოუბოდიშა

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა ქართველი ისე არ ფიქრობს რუსეთის შესახებ, როგორც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ. ამის შესახებ მან რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა.

ღურწკაიას თქმით, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი რუსების მიმართ სტუმართმოყვარეა და მეგობრულად არის განწყობილი. როგორც მომღერალი ამბობს, ის ამ დღეების განმავლობაში საქართველოში იყო. ღურწკაიას თქმით, მას ქუჩაში უნივერსიტეტის ლექტორი მიუახლოვდა და უთხრა, რომ “თუ ხელისუფლებას არ ჰყოფნის გაგებისა და ტაქტის უნარი, მას სურს ამისთვის მოიბოდიშოს. და როგორც ქართველი მეც ვუერთდები მის სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ყველა მართლმადიდებელ ძმას და დას, რომელიც ღონისძიებისგან იმედგაცრუებული დარჩა”, – უთხრა დიანა ღურწკაიამ რუსულ საინფორმაციო ვებგვერდს.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.