დიმიტრი ლორთქიფანიძე ლგბტ თემის აქციაზე: სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვა ლეგიტიმურია, როცა, დემოკრატიული მიზნებიდან გამომდინარე, ის აუცილებელი ხდება

18-24 ივნისს, თბილისში, ლგბტ ჯგუფის მხრიდან დაგეგმილ კვირეულზე ბრიტანეთში, თემთა პალატაში იმსჯელეს. ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მიმართავს, სექსუალური უმცირესობების დაიცვას.
შოტლანდიელმა დეპუტატმა მარტინ დოჰერტი-ჰიუჯმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და რუსულ ანტი-ლგბტ პოლიტიკის გავლენებზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თბილისში პრაიდის მონაწილეებს აქვთ პრობლემები.
„სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. 2013 წელს, ჩვენ, ერთხელ უკვე ვნახეთ რუსეთის მიერ დაფინანსებული ანტი ლგბტ მოქმედებები და ახლა იგივე არ უნდა დავუშვათ. თუ საჭიროა, დავიბაროთ საქართველოს ელჩი. თუ საჭიროა, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს ახალი მითითებები, რომ აუცილებლად უზრუნველყოს გეი პრაიდის უსაფრთხოება“, – აღნიშნა თემთა პალატის სპიკერმა.
უფლებადამცველი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თემთა პალატის განცხადებები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს და არავის აქვს უფლება, ჩვენს ქვეყანას რამე უკარნახოს.
„დიპლომატიურმა მისიებმა არ უნდა წაახალისონ გეი აქტივისტების მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებები. არ უნდა მოსთხოვონ ხელისუფლებას ისეთი რამ, რაც მას არ ძალუძს რომ განახორციელოს, ვინაიდან, ხელისუფლება არის საზოგადოების მიერ დაქირავებული და ხალხის ნება უზენაესია. ის, რომ უცხო ქვეყანა გვაკრიტიკებს და მიგვითითებს, ეს ნიშნავს საშინაო საქმეებში ჩარევას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა ლეგიტიმურია, როცა, დემოკრატიული მიზნებიდან გამომდინარე, ის აუცილებელი ხდება. ნებისმიერი სხვა სახის ზეწოლა, შსს-ზე იქნება თუ პარლამენტზე, ეს ჩარევის მცდელობას ნიშნავს“ – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

 

წყარო: mcm.ge