დღეიდან დედაქალაქში ახალი ავტობუსები შემოვიდა

ახალი მწვანე და ევროპული სტანდარტების მქონე ავტობუსები, რომელთა პრეზენტაცია 8 მაისს შედგა, უკვე ექსპლატაციაშია.
ახალი ავტობუსით თავად დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც იმგზავრა.


„90 ერთეული ავტობუსიდან, რომელიც შევისყიდეთ, 50 უკვე ქალაქშია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. დარჩენილი 40, ათმეტრიანი ავტობუსი ერთ თვეში ჩამოვა.
რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოვაწესრიგოთ. გარდა ამისა, 220 ერთეული, ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. ისინიც ევრო 6 ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებია. ასევე, უკვე ვიწყებთ მუშაობას დამატებით, 200 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე, რომელთაგანაც 100 – გაზზე მომუშავე იქნება, ხოლო 100 – ელექტრო. ამ ყველაფრის შედეგად, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას შეძლებთ, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, საჭიროა სიახლე, მეტი კომფორტი, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ.“- ვკითხულობთ თბილისის მერის, კახი კალაძის ოფიციალურ გვერდზე.
მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე რვა ავტობუსი, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი გადანაწილდა.
23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე – რვა ერთეული, N55-ზე – ათი ერთეული და N71-ზე – ცხრა ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 – ვარკეთილიდან მოძრაობს.
აღსანიშნავია, რომ სამივე მარშრუტი მცირედით შეიცვლება: ისინი გორგასალის ქუჩიდან კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩაზე აუხვევენ, თავისუფლების მოედანს გაივლიან და ბარათაშვილის ქუჩაზე, „კონკასთან“ გაჩერდებიან. ამასთანავე, აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.
თბილისისთვის 90-ვე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები ასევე, N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე გადანაწილდება.