ეკა ბესელია: აშშ-ის მხრიდან გზავნილები 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებაა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ გამოუვა, ეს გზავნილები სათავისოდ შეფუთოს.
დეპუტატის შეფასებით, აშშ-ს მხრიდან გზავნილები, 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებაა.
„როგორც უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა. ამ გზავნილში შინაარსი ძალიან მკაფიოდ იკითხება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ამბობს, რომ კი არ გეჩურჩულება ყურში და ჩუმად კი არ გკარნახობს, რა არის ის, რაც არ მოსწონთ პარტნიორებს, არამედ ეს არის შეშფოთებისა და წუხილის საგანი. ეს ეხება სასამართლოს, ეს ეხება მართლმსაჯულების თემისადმი კომპრომისულ და სუსტ ნაბიჯებს, ეს ეხება საარჩევნო გარემოსა და ანაკლიის პორტის თემას, სადაც არ შეიძლება, იყოს ასეთი სახიფათო მანევრები. ეს გზავნილები არის ძალიან ღია და მკაფიო.
​ეს 2020 წლისთვის ნამდვილად არის ბოლო გაფრთხილება. ვისაც ესმის ეს ენა და ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, უნდა ესმოდეს, რომ ის, რასაც პირისპირ გელაპარაკებიან ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის ასეთი სახიფათო მანევრები არ გასაღდება”, – აცხადებს ეკა ბესელია.