ემზარ კვიციანი სოფო კილაძეს – სოციალურ მუშაკს გეგმა ხომ არ ექნება, რომ ამა და ამ რეგიონში რაც შეიძლება მეტი ბავშვი წაართვას მშობლებს?

სოციალურ მუშაკს გეგმა ხომ არ ექნება, რომ ამა და ამ რეგიონში რაც შეიძლება მეტი ბავშვი წაართვას მშობლებს? – ამ კითხვით „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს, პლენარულ სხდომაზე მიმართა.

პარლამენტი ამ წუთებში ბავშვთა კოდექსს, პირველი მოსმენით განიხილავს, სადაც მომხსენებელი სოფო კილაძეა.

„სოციალური მუშაკის კარგი მუშაობა რითი შეფასდება? იმით, რომ ბევრ ბავშვს დაატოვებინებს ოჯახს თუ რაიმე სხვა კრიტერიუმით? ისე ხომ არ იქნება ადრე რომ იყო, გეგმა ხომ არ ექნება სოციალურ მუშაკს, რომ ამა და ამ რეგიონში რაც შეიძლება მეტი ბავშვი წაართვას მშობლებს?“ – მიმართა კვიციანმა კილაძეს.

თავის მხრივ, სოფო კილაძემ  ემზარ კვიციანს უპასუხა, რომ სოციალურ მუშაკებს ასეთი რამ დავალებული არ ექნებათ.

„ღმერთმა დაგვიფაროს, სოციალურ მუშაკებს გეგმებში გავუწეროთ, რომ მისი მუშაობის სიკარგე გაიზომოს იმით, რაც უფრო მეტ ბავშვს წაართმევს მშობელს. პირიქით, კოდექსში მითითებულია, რომ სოციალური მუშაკისთვის კარგი მუშაობა იქნება ის, თუ რამდენად გააძლიერებენ ისინი ოჯახს,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.