ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

17 დეკემბერს, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ. კარავი გაშალეს. ისინი მონაწილეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვეს. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ პოსტი 15 დეკემბერს გამოაქვეყნა: 

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს“.

„ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი რა ხდება”, –  განაცხადა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, 16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ.

მანამდე, ერეკლე კუხიანიძე  აოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს სოციალური ქსელით მიმართა:

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((“

ერეკლე კუხიანიძემ შემდეგ მისი სიტყვები ასე ახსნა:

„მე ვთქვი, რომ როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს ად შენ მაინც მას შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის პროვოკაცია ან რაღაც… მე იმ მომენტში გამიჩნდა შეგრძნება და ვთქვი, რომ ის ფორმა არ არის სწორი”.

16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა.