ექიმი – პარლამენტთან დაშავებულმა ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა, – ამის შესახებ ნიუ ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა. თვალზე დაზიანება ოთხ პაციენტს აღენიშნებოდა.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა ოთხ მათგანს დასჭირდა. ექიმები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ჭრილობიდან რეზინის ტყვიების ამოღებაც დასჭირდათ.

„ამ ეტაპისთვის ახლა შემოსულია 24 პაციენტი ღამის საათებში. აქედან უკვე ოთხს ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.

ინგოროყვას კლინიკაში კი, სულ ორმოცდაოთხი პაციენტი იქნა გადაყვანილი.

კლინიკაში ამ დრომდე თვრამეტი პაციენტი რჩება. სამ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.