ვაკის პარკში დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციასა და პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე, პოლიციამ 5 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავა, ხოლო 1 პირს გააფრთხილება მისცა.
„პოლიციამ ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილე, 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, ხოლო 1969 წელს დაბადებული თ. ფ., კომისიის გაფრთხილების მიუხედავად, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით გამოავლინა და გაფრთხილება მისცა.
სამართალდამცველებმა, ასევე, კონტრაქციის 4 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით: 1983 წელს დაბადებული გ. ო., 1975 წელს დაბადებული კ. კ., 1977 წელს დაბადებული ა. მ. და 1978 წელს დაბადებული გ.მ.
ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია. მათ მიმართ გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.