ვალერი კვარაცხელია: “აბა, კარგად დამიგდეთ ყური და ჩვენი გადარჩენის საიდუმლოს გაგიმხელთ”

ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ვალერი კვარაცხელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს პოსტს სახელწოდებით “ვ ე დ რ ე ბ ა”

“ვ ე დ რ ე ბ ა

ქართველებო, ცოტა ხნით მოსმენის ძალა და მოთმინება მოიკრიბეთ და გეტყვით, სადაა ქვეყნის საშველი და თითოეული ჩვენგანის გადარჩენა.
მართლა გეუბნებით, გადადეთ ყველა საქმე გვერდზე, გამორთეთ ეგ ეშმაკის ყუთი და მაგ ტელეფონებიდანაც ამოსწიეთ სამშობლოზე ფიქრით დამძიმებული თავები…
ჰო, მასე!
აბა, კარგად დამიგდეთ ყური და ჩვენი გადარჩენის საიდუმლოს გაგიმხელთ, მაგრამ ვიდრე ამ საიდუმლოს გაგიმხელდეთ, ზოგიერთი რამე უნდა შეგახსენოთ. ეს აუცილებელია, ამის გარეშე საიდუმლოს ვერ ჩაწვდებით.

გახსოვთ, ე.წ. ეროვნული მოძრაობის ლიდერები რომ მოგიწოდებდნენ, – საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ სისტემას თუ დავანგრევთ, თავისუფლებას მოვიპოვებთ და ბედნიერად ვიცხოვრებთო, გახსოვთ ხომ? ახლა ისიც გავიხსენოთ, მათ ომახიან შეძახილს, – საქართველოს გაუმარრრ… – ვინ პასუხობდა კიდევ უფრო ომახიანად, – ჯოოოს! – ქართველები, ხომ?!
ზვიად გამსახურდიას 87 პროცენტიც ხომ გახსოვთ?!
კარგი და პატიოსანი.

ახლა ისიც გავიხსენოთ, “მრგვალი მაგიდა” ორ ნაწილად რომ გაიყო, გამსახურდიას, აქეთ, სიგუა-კიტოვანი და, იქით, იოსელიანი დაუპირისპირდნენ და – ძირს გამსახურდიაო, – რომ დაიძახეს, ვინ აუბა მხარი ამ მეამბოხეებს და ვინ იყვირა მთელი ხმით, – ძირს გამსახურდია, ძირს გამსახურდიაო, – ქართველმა ხალხმა, ხომ?
კი ბატონო, ესეც გავიხსენეთ.

ედუარდ შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, ვინ იყვირა,
– შევარდნაძეს გაუმარჯოსო, – ქართველმა ხალხმა ხომ?! შევარდნაძის 96 პროცენტიც გემახსოვრებათ, ცხადია.

– ძირს შევარდნაძეო, – ვინ იყვირა? ჟვანიამ და სააკაშვილმა ხომ? ვინ დაუჭირა მხარი ამ ლოზუნგსა და სახელმწიფო გადატრიალებას? კვლავ ქართველმა ხალხმა.
სააკაშვილის პროცენტი თუ არ გახსოვთ, მე შეგახსენებთ, –
97.

ბიძინა ივანიშვილი რომ აუჯანყდა სააკაშვილს, ვინ იდგა ორას და სამას ათასიან მიტინგებზე სააკაშვილის წინააღმდეგ, ისევ ქართველი ხალხი, ხომ?

ახლა კვლავ სააკაშვილი რომ აყვირდა, – ძირს ბიძინაო, ვინ იმეორებს, – ძირს ბიძინაო, – ისევ ქართველი ხალხი. დიახ, ისევ ქართველი ხალხი.

სადღაც არ უნდა შეჩერდეთ?
აბა, რამდენი გიჟი და გადარეული დაგიძახებთ ხან აქედან და ხან იქიდან, მანამდე უნდა სდიოთ წინ და უკან, სულელებივით?

არიქა, რუსეთი ოკუპანტია, არიქა, ამერიკა გვანგრევსო, რომ გაიძახით, ვერ ხედავთ, თქვენ თვითონ რომ ანგრევთ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას? კი, გარეთაც არიან საქართველოს დაშლისა და ქართველთა დაღუპვის მსურველები, მაგრამ ვისი ხელით აკეთებენ ამას, ქართველების ხელით, ხომ?!

ჰოდა, აქ მივადექით საქართველოს გადარჩენის იმ საიდუმლოს, რომლის გამხელასაც სტატუსის დასაწყისში შეგპირდით:
გაჩუმდით, დაანებეთ თავი საქართველოს და დაივიწყეთ სიტყვა პატრიოტიზმი, რამეთუ ქვეყნისთვის სულელთა პატრიოტიზმზე დამღუპველი არაფერია!
ნუ ლაყბობთ იმ დასაწვავ პარლამენტში, ნუ გამოგიყვიათ თავი ტელეეკრანებიდან, ნუ ბღავიხართ ქუჩაში, ნუ აკაკუნებთ გაუთავებლად კომპიუტერის კლავიატურებზე, ნუ კამათობთ პოლიტიკურ თემებზე სადაც საჭიროა და სადაც არაა საჭირო, რადგან მთელ დედამიწაზე არ იფრქვევა იმდენი სისულელე, რამდენიც ამ ციცქნა საქართველოში!

გაჩუმდით და არ დაიწყოთ აქ კომენტარების წერა და ბრძნული შეგონებები!

სამშობლო თუ არ გიყვართ, ღმერთი მაინც არ გწამთ, ყურად იღეთ ეს სათხოვარი, შეისმინეთ ეს ვედრება:
დაწყნარდით!
დამშვიდდით,
დაოკდით!
დადუმდით!
გაჩუმდით… გაჩუმდით… გაჩუმდით!

ვალერი კვარაცხელია
30 ივნისი, 2019 წ.” – წერს ვალერი კვარაცხელია.