ვიცემერი: თბილისში სამშენებლო დარღვევებისთვის ერთ წელიწადში 34 მილიონ ლარამდე ჯარიმა გამოიწერა

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სამშენებლო დარღვევებთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 34 მილიონ ლარამდეა. ამის შესახებ ვიცემერმა თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან თქვა, სადაც კახა კალაძე დეველოპერებს ხვდება, სადაც შრომით უსაფრთხოებაზე მსჯელობენ.
როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, მერიას მშენებლებისგან აინტერესებს რატომ ვერ იცავენ სამშენებლო ნორმებს და რა უშლით ამაში ხელს. როგორც ხმალაძემ თქვა, მერიამ არც თუ ისე პოპულარული გადაწყვეტილება მიიღო, “მაგრამ არ შეიძლება უსაზღვროდ ვიფიქროთ ურბანული სივრცეების ამოვსების ხარჯზე, ეკონომიკურ განვითარებაზე”.
“წელიწადზე მეტია ცვლილებებს ვახორციელებთ კანონმდებლობაში და თითოეული ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ მეტი უსაფრთხოება იყოს სამშენებლო მოედნებზე. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ ზეწოლას იწვევს ბიზნესსექტორზე, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ იმას ემსახურება, რომ მათი მხრიდანაც მოვისმინოთ რა პრობლემებთან არის დაკავშირებული და მათ აღმოფხვრაზეც ვიმსჯელოთ. ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს, რომ ადამიანი არ უნდა სახიჩრდებოდეს და არ უნდა იღუპებოდეს სამშენებლო მოედნებზე”, – განაცხადა თბილისის ვიცემერმა.
მაისის დასაწყისში თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა.
შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ გასულ წელს შემდეგი ზომები მიიღო:
2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობებზე და გახდა 25 ათასი ლარი; 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე და 15 ათასი ლარი გახდა; სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ კომპანია ვაიძულოთ უსაფრთხოების წესები, მუშების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, ჯარიმა 10-ჯერ გავზარდეთ – 30 ათასი ლარია დღეს ჯარიმა. სამწუხაროდ ჯერ კიდე არის ასეთი შემთხვევები და გვიწევს ობიექტების დაჯარიმება. 10-ჯერ გავზარდეთ ჯარიმა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე და 50 ათასი ლარი გახდა. ამოქმედდა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები.
როგორც აპრილში თბილისის მერმა “იმედის” ეთერში განაცხადა, აღნიშნულ დარღვევებზე 2018 წელს 10 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა