ზაზა სარალიძე: დღეს ქვეყანა იმაზე მეტ განსაცდელშია, ვიდრე ჩემს ოჯახს მოუვლინა უფალმა

“დღეს ვხვდები, იმაზე მეტ განსაცდელშია ქვეყანა, ვიდრე ჩემს ოჯახს მოუვლინა უფალმა. დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, დებო, ძმებო, საჯარო თუ არა საჯარო მოხელეებო, მთავრობა თუ ოპოზიცია, არასამთავროებო და ყველა საქართველოს სრულუფლებიანო მოქალაქე! განურჩევლად რელიგიური მრწამსისა! ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა! საქართველო კარგავს საუკუნეების ისტორიას,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქვეყანა დიდი გამოცდის წინაშე დგას და ამ შემთხვევაში მხოლოდ ურთიერთთანადგომა თუ გადაგვარჩენს:
“მტერმა რაც პირდაპირ მახვილით ვერ დაგვაკლო, დღეს გვერდის ავლით გვითელავს ქართველობას.
ქვეყანა რელიგიური და ტრადიციული გენოციდის წინაშე დგას და უფრო დიდი განსაცდელი წინ გველოდება, თუ ამ უმსგავსობის აღმოფხვრაში ყველამ ხელი არ ჩავკიდეთ ერთმანეთს.
ჩვენი ქართველური და ტრადიციული უფლებები გაცილებით მეტად ირღვევა!
მესმის, რომ კონსტიტუცია გვავალდებულებს, არ შევუშალოთ ხელი სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სიტყვის თავისუფლება.
სიტყვის თავისუფლება არ უნდა თელავდეს ჩვენ დაწერილ და დაუწერელ ტრადიციებს, ასევე ქართველურ წეს-ჩვეულებებს, რამაც დღემდე მოგვიყვანა!

დიდი გამოცდის წინაშე დადგა ჩვენი ერი!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!” – წერს ზაზა სარალიძე.