ზაზა სარალიძე: დღეს ყველა ოჯახმა გაიმარჯვა, ვისაც სიმართლე სწყუროდა!

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიხეილ კალანდიას დაკავებას ეხმაურება და თავის უფლებადამცველებს მადლობას უხდის:
„იშვიათი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც თავად გადაწყვიტა, დამდგარიყო სასტიკად დამამძიმებელ გარემოებაში მოკლული ბავშვის დასაცავად და არ შეუშინდა არანაირ დაბრკოლებას. იცოდა, რომ სისტემას დაუპირისპირდებოდა და ურთულესი გზის გავლა აირჩია უშიშრად და შეუპოვრად!
ნესტან ლონდარიძე – ადამიანი, რომელმაც თავისი სათქმელი უთხრა ყველა უწყებას და დაანახა, რომ სიმართლის გზით სიარული  უკვე გამარჯვებაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ალეკო ცქიტიშვილი! ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ  შვილი დაეღუპა თბილისის ზღვაზე. შვილმკვდარი მამა!
ქალბატონო ნესტან და ბატონო ალეკო! მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისთვის თქვენ და თქვენს გუნდს, რომლებიც არ შეუშინდით არანაირ წინააღმდეგობას და ვერავინ და ვერაფერმა  მოახდინა გავლენა თქვენსა და თქვენს ორგანიზაციაზე. დღეს თქვენ გაიმარჯვეთ!
დღეს ყველა ოჯახმა გაიმარჯვა, ვისაც სიმართლე სწყუროდა! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სიმართლის გზაზე!“, – წერს სარალიძე.