ზაქარია ქუცნაშვილმა მოიბოდიშა და თქვა რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის გამო მოიბოდიშა. მან ბოდიში მოუხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის  დეპუტატებსაც.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, როგორც ჩანს, ამ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს. მისი თქმით, ასამბლეა გაგრძელდება, მაგრამ სად, მას არ დაუკონკრეტებია.

დარბაზის გარეთ გამოსულ ზაქარია ქუცნაშვილს სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მას მოქალაქეებმა მოღალატე უწოდეს და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცეს. მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტი დატოვოს. ადგილზე მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მანამდე სამოქალაქო აქტივისტებსა და უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა, ასამბლეა სხვა ადგილზე ჩატარდება. ამის შესახებ ასამბლეის გენმდივანმა ანდრიას მიხაილიდისმა “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სკამიდან რუსი დეპუტატის მიმართვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. “რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც ყველა ქრისტიანულ წესს ებრძვის?”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ “გაანადგურა”. “ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა”, – დაწერა თამარ ჩუგოშვილმა Facebook-ზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი კონფერენციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

რუსი დეპუტატის ქცევა “ევროპული საქართველოს” წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებას გამოეხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი: “დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს”, – თქვა ქუცნაშვილმა.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.