ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე, ვიცემერი გია გულორდავა დამნაშავედ ცნო. თითოეულს სასჯელის სახედ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ოთხი წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი გასული წლის პირველ ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 2018 წლის 2 ნოემბერს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

ლაშა გოგიამ ზუგდიდის მერის თანამდებობა 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვა.