ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე, მოქალაქეთა დაპირისპირების მიზეზი, პირველი ამომრჩევლის სტატუსი გახდა

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორმა მოქალაქემ იჩხუბა. დაპირისპირების მიზეზი პირველი ამომრჩევლის სტატუსი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
21-ე უბანზე ხმის მისაცემად ქალი შევიდა, რომელსაც უკან კაცი დაედევნა. სიტუაცია დაცვის პოლიციისა და უბნის წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
„შვიდის ნახევარზე ვიყავი აქ, მაგი მოვიდა რვის ნახევარზე და მეჩხუბა. რატო უნდა მეჩხუბო? პირველი, რომ მოვედი ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა. მე უნდა შევსულიყავი და გამექცა“ – ამბობს კაცი, რომელიც პირველი ამომრჩეველი 21-ე უბანზე ვერ გახდა.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.