ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებული გელა კვარაცხელიაა, რომლის თქმითაც სანდრა რულოვსსა და მასთან ერთად მყოფ პირებზე თავდასხმის მიზეზი ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სიტყვები იყო.
“ზვიად გამსახურდიას გამო ყოველთვის მზად ვიყავი და ვიქნები. ზვიადის გამო ციხეში ჩავჯდები. მე ყოველთვის ვიბრძოდი შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის ბანდის წინააღმდეგ. მე მაგ ქალს, სანდრას, სამეგრელოში არ შემოვუშვებ. ეს სამეგრელოა, ეს არ არის ჰოლანდია. “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ მაქვს”, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დადიანების ეზოში, სადაც გადაცემა “ლუსტრაციას” ჩაწერა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ამავე მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მათ ფიზიკურადაც შეეხნენ.
ცნობისთვის, ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა.