თბილისის მეტრო 1-ელი ივლისიდან, 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პირველი ივლისიდან თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. როგორც მან დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 15 მილიონი დოლარი ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება.
„მეტროში არსებული მდგომარეობა ყველამ კარგად ვიცით, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი თანამედროვე „აისო“ სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება 28 საგვირაბე დამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი.
პროექტის განხორციელების დროს მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რადგან კომპანიასა და იქ მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში იმუშაონ. შესაბამისად, მეტრო ჩვეულებრივად – 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ, ერთი საათით ადრე დაამთავრებს, 23:00 საათზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.