„თუ ასე გაგრძელდა, დილით დავიწყებთ მეჩეთის მშენებლობას“ – ბათუმში მუსლიმთა სარჩელის განხილვა კვლავ გადაიდო

ბათუმის მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა 12 ივნისს განახლდება. სასამართლო პროცესი მხარეთა პაექრობის შემდეგ ისევ გადაიდო.

მოსამართლემ ერთი თვის წინ პროცესი იმ მოტივით გადადო, რომ დავა მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება მან მერიის წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე მიიღო, თუმცა დღემდე მერიას მუსლიმ თემთან შეხვედრა ამ საკითხზე არ გაუმართავს.

პროცესზე მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ, მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, შეხვედრისთვის დრო ვერ გამოძებნეს.

მუსლიმები წლებია ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას ითხოვენ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელ ნოდარ პაქსაძის განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.

„მიკვირს რატომ არ შეიძლება საინიციტავო ჯგუფთან საუბარი? მაშინ, როცა სასამართლოში საკუთარ მიწის ნაკვეთზე ვსაუბრობთ, პარალელურად ჩვენი მიწის მიმდებარედ 8 ეკლესია მდებარეობს, რომელის მშენებლობაზე მიწა აქვს მიტაცებული სახელმწიფოსგან. სად ვეძებო სამართალი და ვის ველაპარაკოთ? ადამიანური ლაპარაკი გვეგონა სასამართლოში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ აქაც არ ყოფილა. თუ ასე გაგრძელდა, დილით დავიწყებთ მეჩეთის მშენებლობას. ალბათ ასე აჯობებს. ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება. გვინდოდა სამართლებრივად ყოფილიყო ყველაფერი, მიწაც გვაქვს და სადავოც არაფერია” _  განაცხადა ნოდარ პაქსაძემ.