ირაკლი კობახიძე თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო

“ახალგაზრდებს უნდა მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ეს არის პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის. ამ ყველაფერში არის დიდი პოტენციალი და საჭიროა მუშაობა, რომ კონკრეტული შედეგები გვქონდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არის სირთულეებიც, თუმცა, ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბევრი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განათლების სფეროს მიმართულებით ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც ახალგაზრდებისთვის საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ითვალისწინებს.
„ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა განათლების მიმართულებით. განათლება, პირველ ყოვლისა, იძლევა იმ შედეგს, რომ ახალგაზრდებს აქვთ თვითრეალიზების შესაძლებლობა. არსებობს საგანგებო გეგმა, რომლის მიხედვითაც განათლების ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-მდე უნდა ავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლისთვის ორი მილიარდით მეტი დაიხარჯება განათლებაზე და დაიხარჯება იმაზე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საკუთარი მიზნების რეალიზების უკეთესი შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის მასშტაბით დასაგეგმი და განსახორციელებელია ბევრი კონკრეტული პროექტი.
„ჩვენ უკვე მიჩვეულნი ვართ, რომ ამ ყველაფერში მოწინავე ყოველთვის არის თბილისის მერი და თბილისის მერია. მადლობა უნდა გადავუხადოთ ახალი ინიციატივებისთვის დედაქალაქის მერს, კახა კალაძესა და თბილისის მერიას“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები საზოგადოებას დედაქალაქის მერმა – კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა – ირაკლი გვილავამ საზოგადოებას წარუდგინეს.
ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნა, მათი თვითრეალიზაციის ხელშეწყობა, ქალაქის განვითარებაში ჩართულობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანამონაწილეობის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების გართობისა და დასვენებისათვის საჭირო პირობების შექმნა.