ირაკლი სესიაშვილი: „ჩემთვის სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, მაშინ დასრულდა, როცა მან, რეალურად, დიქტატურა ჩამოაყალიბა.”

“მისი ეს განცხადება არის ავანტიურისტული და პროვოკაციის ნაწილი”, – ასე უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „პირისპირ“ სტუმრობისას ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მზადყოფნას დავით გარეჯის კონფლიქტის მოგვარებაში ჩასართავად.
როგორც მან განაცხადა, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, მისთვის მას შემდეგ არ არსებობს, რაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
„ჩემთვის სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, მაშინ დასრულდა, როცა მან, რეალურად, დიქტატურა ჩამოაყალიბა. ჩემთვის ის, როგორც პოლიტიკოსი, არ არსებობს, როდესაც მან, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე. ჩემთვის ის არის ჩამოყალიბებული საერთაშორისო დონის ავანტიურისტი და მისი ეს განცხადებაც არის ავანტიურისტული და პროვოკაციის ნაწილი. არ მგონია, რომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ ასეთი განცხადებების მოსმენას ან კომენტარს”, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.