ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი მოპარულ ფულს აშშ-ში ათეთრებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნის უწყებები უნდა დაინტერესდნენ მიხეილ სააკაშვილის ფინანსური მაქინაციებით.

„საზოგადოებამ მოისმინა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს სააკაშვილის ბიძა მიხეილ სააკაშვილის მრავალმილიონიან სახლზე, რომელიც ფლორიდაში აქვს და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ადამიანი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პოლიტსაბჭოს მდივანმა აღნიშნა, საზოგადოებამ მოისმინა აღიარება მიხეილ სააკაშვილის ბიძის მხრიდანაც და მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ამ ადამიანების საქმიანობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მოპარული ფულის ასე ვთქვათ, ლეგალიზებას ახდენენ მთელ მსოფლიოში. ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ძალიან სასაცილო და შეიძლება ითქვას, უკიდურესად შეურაცხმყოფელია მიხეილ სააკაშვილის ის კონცერტები, რომელსაც ჩვენს ემიგრანტებთან შეხვედრების დროს მართავს და მათგან მიზერულ თანხებს ითხოვს. წარმოიდგინეთ, რამდენად ყალბი ადამიანი შეიძლება იყოს სააკაშვილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა “პირველი არხის” ეთერში.