ირმა ინაშვილი – „ქართული ოცნების“ ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა

„ქართული ოცნების“ ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა თავის დროზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დამნაშავე წევრები არ დასაჯა, ახლა პარლამენტში უმსგავსობა ხდება.

„რაღაც ამ ბოლო დროს, ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ხალხს აღარ უნდა სამართლიანობის აღდგენა. თქვენც დაისჯებით იმათთან ერთად, ვინც არ დასაჯეთ თავის დროზე. სულ ვამბობ: თუ დამნაშავე არ დაისჯება, მერე ეგ დამნაშავე მოგიბრუნდება და რაც ახლა ხდება ამ უმსგავსო პარლამენტში, ის მოხდება: მწამებელი ჭკუას რომ გვასწავლის. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და თუ ამას არ გააკეთებს „ქართული ოცნება“, მისი ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა თავის დროზე,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.