კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით

მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინის თქმით, მოსკოვი შეშფოთებით აკვირდებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებელ ქვეყნებს აერთიანებს, საკუთარი ანტირუსული განწყობების გამჟღავნებისთვის გამოიყენეს. მათი აგრესიული ქმედებების გამო 25 ქვეყნის დეპუტატებს მუშაობის დროზე ადრე დასრულება მოუხდათ“, – განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, კრემლი აპირებს, გააგრძელოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კურსი, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებში შედის.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს.

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა “ევროპული საქართველოს” წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი, რომლის გამოჩენასაც საქართველოს პარლამენტში ვნებათაღელვა მოჰყვა, რუსეთის სახელმწიფო დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ის რუსეთის პარლამენტის მეხუთე (2007), მეექვსე (2011) და მეშვიდე (2016-დან) მოწვევების წევრია.