კახა კალაძე: ჩვენთვის სიძულვილის ენა მიუღებელია, ნანა კოსტავას ბოდიშის მოხდა მოუწევს

თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის და მთლიანად მმართველი გუნდისთვის სიძულვილის ენა მიუღებელია, ამიტომ, მისივე თქმით, ნანა კოსტავას ბოდიშის მოხდა მოუწევს.
„ძალიან მძიმე იყო ნანა კოსტავას განცხადება. ასეთი განცხადებები მისაღები არავისთვის არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს. ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.
​მან გუშინ “ფეისბუქის” პირად გვერდზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.
შეგახსენებთ, რომ ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.