კობა წენგუაშვილი: გახსოვდეს ისტორია! გახსოვდეს დავით გარეჯი!

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.

მონასტერი დაარსებულია VI ს-ის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. შემდგომში მისმა მოწაფეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: ლუკიანემ – ნათლისმცემელი, ხოლო დოდომ – დოდოს რქა. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი გახდა.

გადმოცემის თანახმად, მონასტრების დაარსების შემდეგ, მამა დავითი იერუსალიმს გაემგზავრა მოსალოცად. იქიდან მადლის ნიშნად 3 ქვა წამოიღო. იერუსალიმის პატრიარქს უვნობებია უფლის ნება, რომ დაეტოვებინა ორი ქვა, რათა უფლის მადლი სრულად არ მოკლებოდა ქალაქს. გარეჯში დაბრუნებულმა ბერმა მაცხოვრის ქალაქიდან წამოღებული ერთი ქვა ტაძარში დაასვენა ( დღეს ,,მადლის ქვა“ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარში ინახება), ამიტომ ითვლება დავით გარეჯი იერუსალიმის მადლის ნაწილად და ამიტომ უნდა ჩახვიდე აუცილებლად იქ სალოცავად, რათა შეიგრძნო მადლი წმინდა ქალაქისა.

დროთა განმავლობაში გარეჯის უდაბნოში თანდათან  ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ-მონასტერთა კომპლექსების მთელი ქსელი: აღდგომისა, თეთრსენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, უდაბნო, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები, ბერთუბანი და ჩიჩხიტერი (ეს ორი უკანასკნელი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს).

ადრე ფეოდალური ხანის ტერიტორიული განაწილების მიხედვით, გარეჯის მონასტრებს, კახეთის საქორეპისკოპოსოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში კამბეჩანის, ხოლო შემდგომ კუხეთის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. ეს მონასტრები მტკვრის პარალელურად გადაჭიმული გარეჯის მთების და ივრის ხეობის ქვედა წელის მიდამოებში განლაგებულ ხრიოკ კლდეებში მდებარეობენ.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ,,გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი, ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი . . . . ყოფილა მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყლამდე და მოწესითა სავსენი. . .

გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია XII-XIII ს-ში. დავით IV აღმაშენებელმა გარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია,  მეფე ყოველმხრივ უწყობდა ხელს მათ დაწინაურებას. ამ პერიოდში სამონსატრო გაერთიანებამ მტკვრის ხეობიდან ივრისპირეთამდე მთელი უდაბნო მოიცვა და ერთ მთლიან კომპლექსად ჩამოყალიბდა. ამ დროს დავით გარეჯი საქართველოს შუაგული ნაწილი იყო. ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი გარეჯის თვითმყოფად ფრესკულ სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. გარეჯის ფრესკებმა შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი – დავით აღმაშენებლისა – ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგისა – ბერთუბანში, დემეტრე თავდადებულისა – უდაბნოს მონასტერში და სხვ.

XIII ს-ში მონღოლებმა ბერქა-ყაენის მეთაურობით გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები. დაწვეს სიწმინდეები და ხელნაწერები. XIV ს-ის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალეს დროს, დავით გარეჯი კვლავ იქცა მძლავრ კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად. მონასტრების მესვეურები მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. გიორგი ბრწყინვალეს დროიდან აღმავლობის გზაზე მდგარი საქართველოს განვითარება შეაფერხა თემურ-ლენგის შემოსევებმა. ბუნებრივია, ამ დარბევებს ვერც დავით გარეჯი გადაურჩა. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.

XVII  ს-ში კახეთში ლაშქრობების დროს, ქართველების სისხლისღვრით გაუმაძღარმა ირანის შაჰმა – აბას I-მა თავისი ურდოები შეუსია გარეჯის მიდამოებს და აღდგომის დღესასწაულზე 6 000 ბერი დახოცა. მის მიერ ნაწამები წმინდა მამების ძვლებისგან შეკრული ჯვარი აღდგომის ტაძრის მთავარ სიწმინდედ ითვლება დღესაც.

XVII  ს-ის ბოლოს სამონასტრო ცხოვრების აღდგენის  საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა წინამძღვარმა ონოფრე გარეჯელმა (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე). მისი 40 წლიანი მოღვაწეობის შედეგად აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები. დავით გარეჯი კვლავ მეფის ხელდებული გახდა. სამონასტრო კომპლექსის  მთელი არსებობის მანძილზე იქ მოღვაწე პირები თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ ცხოვრებაში. სწორედ აქ შეიქმნა დემეტრე I -ი ს მიერ ღვთისმშობლის სადიდებელი – ,,შენ ხარ ვენახი!’’, სულხან-საბა ორბელიანის ქადაგებათა კრებული ,,სწავლანი’’ და სხვ.  სამწუხაროდ XVIII ს-ში მტრების გახშირებული თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა.  XI X  ს-ის ბოლოსთვის კი მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ , მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები გაუჩნდათ საქართველოს მიმართ. აზერბაიჯანელები პრეტენზიას გამოთქვამდნენ ზაქათალის ოლქზე და ყარაიაზის ვრცელ ტერიტორიებზე, მაგრამ იმ დროისთვის საქართველომ მოახერხა ამ ტერიტორიების შენარჩუნება. ამიერკავკასიის გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.  ამ საკითხთან დაკავშირებით1921 წლის ივნისის თვეში თბილისში გაიმართა რუსეთის კომპარტიის კავბიუროს კომისიის სხდომები სერგეი კიროვის თავმჯდომარეობით. აზერბაიჯანული მხარე ითხოვდა საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ზაქათალას ოლქის (საინგილო) და ყარაიაზის ველის (მტკვრის აღმოსავლეთი სანაპირო) მათთვის გადაცემას. მართალია, აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი საქართველოს ნაწილად აღიარა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართული დელეგაცია დათანხმდა აღნიშნულ მხარეში მცხოვრები აზერბაიჯანელებისადმი ავტონომიური პრივილეგიების მინიჭებას. მიუხედავად ამისა, პრობლემა ამით არ დასრულებულა. რუსეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელების ზეწოლის შედეგად 1921 წლის 5 ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების კონფერენციაზე გაირკვა, რომ ზაქათალის ოლქი და მტკვრის აღმოსავლეთი სანაპირო საქართველოს აზერბაიჯანისთვის უნდა გადაეცა. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რევკომის თავჯდომარემ ფილიპე მახარაძემ. 1921 წლის 15 ნოემბერს კი ხელშეკრულებას საბოლოოდ მოაწერეს ხელი საქართველოსა და აზერბაიჯანის რევკომების ახალმა თავმჯდომარეებმა – ბუდუ მდივანმა და მუხტარ გაჯიევმა. ასე გადაეცა 1921წლის ნოემბერში აზერბაიჯანს ფაქტობრივ, ხოლო 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით იურიდიულ მფლობელობაში საქართველოს საკმაოდ ვრცელი ისტორიული ტერიტორია (იხ.: ,,საქართველოს ისტორიის ატლასი’’ დ. მუსხელიშვილი; 2003), რომელზეც აღმოჩნდა ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები მთლიანად, აგრეთვე ჩიჩხიტერის მონასტრის ტერიტორიის  ნაწილი, რომელიც უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენის საკითხი კვლავ აქტიურად დადგა დღის წესრიგში. დღეისათვის ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვრის 480 კილომეტრიანი მონაკვეთიდან დაახლოებით 170 კილომეტრია შესათანხმებელი.

კობა წენგუაშვილი,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

თბილისის 195-ე საჯარო სკოლის დირექტორი