ლაშა დარსალია: მზად ვართ, დეპუტატებს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაცია გავაცნოთ

საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ემოციური ფონი ჩაცხრეს, რათა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიამ მშვიდ ვითარებაში შეძლოს მუშაობა. მისივე ინფორმაციით, კომისიის მომდევნო სხდომა 1 თვის მანძილზე გაიმართება.

„სადელიმიტაციო კომისიის შემდეგი შეხვედრა იქნება დაახლოებით 1 თვის ფარგლებში. მანამდე ჩასატარებელია გარკვეული ტიპის სამუშაოები. იქნება ექსპერტების დონეზე ერთობლივი შეხვედრებიც. შემდეგ უკვე კომისია შეიკრიბება და კიდევ ერთხელ განიხილავენ ერთმანეთის პოზიციებს. მთავარი მიზანია, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, რომელთა რაოდენობაც, დაახლოებით, 14-ია.

რაც შეეხება იქ არსებულ ვითარებას, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციურმა ფონმა თანდათან ჩაიაროს, რათა კომისიებს მიეცეთ მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე. შესაძლებელია და ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს მოტივაცია, რომ ჩვენ მშვიდ გარემოში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღებია ორივე ქვეყნის საზოგადოებისათვის. ამისთვის მნიშვნელოვანია არა ემოციური ფონი და ურთიერთბრალდებები, არამედ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ჟურნალისტები კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ კომისიის ქართულმა მხარემ აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ისაუბროს, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ისინი მზად არიან, დეპუტატებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის პარლამენტთანაც. თუ პარლამენტში იქნება შეხვედრები, ჩვენ სიამოვნებით მივაწვდით დეპუტატებს ნებისმიერ ინფორმაციას დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით. მზად ვართ, საქართველოს პარლამენტის წევრებს სრულყოფილი ინფორმაცია გავაცნოთ,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ.