ლაშა კილაძე: ნარკოტიკების ერთჯერადმა გამოყენებამაც კი, შესაძლოა, ნარკოგენური ფსიქოზი გამოიწვიოს

“იაფი, ხელმისაწვდომი, დაბინძურებული ნარკოტიკი ე.წ. სირეცი, რომლის მოხმარებაც შიზოფრენიას იწვევს და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა”, – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ე.წ. სირეცი, ეს არის საკმაოდ დაბალი ხარისხის ნარევი და ის ძალიან ტრადიციული წარმომადგენელია საქართველოს ნარკოსივრცეში. რაც შეეხება გაზრდილ მოხმარებას, ბოლო კვლევის მონაცემებით, ამ ტიპის ნარევი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო და დღესაც აქტუალურია ამ ნივთიერების მოხმარება. ოპიოიდი, თავისი მოქმედებით, რომელიც არის დაბალი ხარისხის და საკმაოდ მაღალი ხელმისაწვდომი, არის არაერთგვაროვანი ნივთიერება, რომელიც საკმაოდ ტრადიციული წარმომადგენელია საქართველოს ნარკოსივრცეში“ – აღნიშნა ლაშა კილაძემ.

მისივე თქმით, ნარკო-ბაზარს ახასიათებს ციკლურობა. დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩნდება ახალი, აქტიური ნივთიერებები. მისი მოხმარება კი პირდაპირ კავშირშია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან.

„ეს ნივთიერებები იწვევს სხვადასხვა ბიოლოგიურ, ბიოაქტიურ ცვლილებებს და ხშირ შემთხევაში, შეუქცევად ცვლილებებს – ფსიქიკურ პრობლემებს, სუნთქვის პარალიზებას,“ – აღნიშნა კილაძემ.

მისი თქმით, საქართველო, ნარკოტიკის მოხმარების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა და მსოფლიოს არაფრით ჩამორჩება. მსოფლიოში ფსიქიკური დაავადებების მაჩვენებელი იზრდება, საქართველო კი ამ მაჩვენებლებს ფეხდაფეხ მიჰყვება. ბოლო კვლევებით კი, რომელიც საქართველოში ჩატარდა, საკმაოდ საგანგაშო მონაცემები მივიღეთ.

„საკმაოდ საგანგაშო მონაცემი მივიღეთ, რომ სკოლის მოსწავლეების 10%-ზე მეტს შეხება ჰქონდა ნარკოტიკებთან. დღემდე, მსოფლიოში, გამოწვევად რჩება ახალი ფსიქო-აქტიური ნივთიერებები. განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინებით გამოწვეული ფსიქოზები. ამ ნივთიერების ერთჯერადად მიღებამაც კი, შეიძლება, არა მხოლოდ ნარკოგენული ფსიქოზის პროვოცირება მოახდინოს, არამედ, გამოიწვიოს რაიმე დაავადების მანიფესტირება. ახალგაზრდა ორგანიზმისთვის, რომელიც არ არის მზად და გააჩნია დაბალი ტოლერანტულობა ნარკოტიკული საშუალების მიმართ, ერთჯერადი მიღებაც კი, კატასტროფული საფრთხის შემცველია. მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება გაუცნობიერებლად და არც ვიცით, რა ტიპის ნარკოტიკთან გვაქვს საქმე,“ – აღნიშნა ლაშა კილაძემ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, ყოველ წელს, შავ ბაზარზე 100-120-მდე ახალი ფსიქო-აქტიური ნივთიერება ჩნდება. გასულ წელთან შედარებით, წელს დაახლოებით 70 ტიპის ახალი მოლეკულა გამოჩნდა.