ლევან ვასაძე: ბრძოლა გრძელდება, ყველა ჩვენს მომხრეს, მზადყოფნისთვის მოვუწოდებთ (ვიდეო)

„ჩვენი ბრძოლა გრძელდება, გუშინ, მიუხედავად იმ რაღაც შუალედური გამარჯვებისა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოდგა ნაბიჯი ხალხისკენ და გამოაცხადა, რომ უკრძალავს ე.წ. პრაიდის მონაწილეებს ამ აქციების ჩატარებას“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, თბილისი-პრაიდის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიებებს ჩაატარებენ, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ ამას არ დაუშვებს.
„დღეს დილას ე.წ. პრაიდის ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი ყველა ღონისძიებას ჩაგვიტარებენ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. გუშინ ჩვენ ვიყავით ვერის ბაღში ისევ და მე გავაკეთე განცხადება, რომელიც იყო ძალიან მკაფიო. რადგან ჩვენმა სახელმწიფომ, რომლის დესტაბილიზაციასაც ჩვენ არ დავუშვებთ, გადმოდგა ხალხისკენ ნაბიჯი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ის, რაც გააკეთა, ჩვენ მადლობის და კეთილი ნების ნიშნად, გავაუქმეთ ე.წ. პატრულირება ანუ მოძრაობა ქალაქში ამ ჩვენი მხარდამჭერების და ამ გარყვნილების მოწინააღმდეგეებისა“, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, თბილისი-პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ, მზადყოფნა და ბრძოლა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

“მზადყოფნა, მზაობა და ბრძოლა გრძელდება ამ ე.წ. უბედური მაგათი დეკლარირებული კვირის ბოლომდე, 25-მდე და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს, იყოს ამ მზადყოფნაში“, – აღნიშნა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ „ვერის ბაღში“ დღესაც შეიკრიბებიან.