ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ „მწვანე სკოლაში“ ინციდენტთან დაკავშირებით, არასრულწლოვანმა გოგონამ თვითდაზიანებები მიიყენა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია:

„ვადასტურებთ,რომ„მწვანე სკოლაში“  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ნებისმიერი პირი, ვისთან მიმართებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემა“.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც პირის იდენტიფიცირების მიზნით, პედაგოგებს, მათივე თხოვნით, ლუკა სირაძესთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა.

რაც შეეხება გამომძიებელის დაკავების ფაქტს, მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში 15:00 საათიდან იმყოფებოდა. მის დაკავებაზე გადაწყვეტილების მისაღებად მოზარდის გარდაცვალებას არავინ დალოდებია.

„ჩვენ მართლა 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი სჭირდება. მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში არ მოგვიყვანია მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15:00  საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.