მაია ცქიტიშვილი: ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტის თაობაზე, მთავრობის არცერთმა წევრმა არ ვიცოდით

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტის თაობაზე, მთავრობის არცერთ წევრს ინფორმაცია არ ჰქონდა.
მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ინფორმაციას არც თავად ფლობდა.
„პირველ ყოვლისა, ვწუხვარ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ასეთი სახით შევიტყეთ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ეს ნებართვა არ იყო. ამ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა, არამედ იყო კონკრეტულად მიწის სარგებლობის გარკვეული პირობების დადგენა. თუმცა აღნიშნული პირობებიც, ანუ ბრძანება პირობების თაობაზე, გაიცა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის მიერ და გაცემული იყო ისეთი სახით, რომ მინისტრთან საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა. შესაბამისად, მთავრობის არცერთმა წევრმა, პირადად არც მე, ამის თაობაზე არ ვიცოდით. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მოხდა შესწავლა უკვე გუშინ და დღეს ამ საკითხისა, როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აღმოჩენილი იქნა პროცედურული დარღვევები; კერძოდ, ამ ბრძანების გაცემის პროცესში არ იყო შეთანხმებული ეს საკითხი მიწის მესაკუთრესთან, რომელზეც, მათ შორის, მიწით სარგებლობის პირობები იქნა გაცემული, კერძოდ – ქონების მართვის სააგენტოსთან. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის მიერ მიღებული იყოს საკადრო გადაწყვეტილება. ამ სსიპ-ის ხელმძღვანელი გათავისუფლდა ისევე, როგორც მიწით სარგებლობის წესების ბრძანება იქნა გაუქმებული პროცედურული დარღვევის გამო“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისა და მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც – სამწუხაროდ, არაერთხელ გვაქვს ნანახი მათი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები, ზოგჯერ და ამ შემთხვევაში – ცოტა ნაჩქარევი.
ანაკლიის პორტის პროექტს რაც შეეხება – არაერთხელ, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, მთლიანობაში, მთელს სამთავრობო სტრუქტურებს და უნიკალური პირობები ამ პროექტისთვის შექმნილი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, არაერთი დათმობის, მხარდამჭერი, ასევე, კომპრომისული გადაწყვეტილება იყო მიღებული, რათა აღნიშნულ პროექტის განხორციელებას არავითარი საფრთხე შეექმნას.
„ამასთან, გვაქვს ინვესტიციაც ამ პროექტში, უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით 100 მლნ დოლარის ჩადებას, 300 მლნ ლარზე მეტის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას. უკვე 60 მლნ ლარამდე იქნა დახარჯული ამ ნაწილში. როგორც არაერთხელ აღინიშნა პრემიერ-მინისტრის, მთავრობის წევრების, ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მიერ, ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც სტრატეგიული, ასევე უსაფრთხოების, ეკონომიკური უსაფრთხოების, რა თქმა უნდა, ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფომ ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის 21 მაისს გამართულ შეხვედრაზეც, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად განიხილეს მათ მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებაში მოთხოვნილი ცვლილებები.
„მათი მხრიდან მოთხოვნილ პრაქტიკულად ყველა ცვლილებაზე გამოვთქვით მუშაობის თანხმობა. ამ ფონზე კონსორციუმის მხრიდან ასეთი სახის განცხადება, მით უმეტეს, ულტიმატუმისა და შანტაჟის ენით საუბარი, რომელსაც უფრო ემოციურ ფონს ვაბრალებ, როდესაც გუშინ მედიიდან შეიტყვეს ცოტა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ არის ალბათ სწორი დამოკიდებულება სახელმწიფოს როლის მხარდამჭერის მიმართ“, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ანაკლიის პროექტთან მიმართებით სახელმწიფოს მხარდაჭერა.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას ანაკლიის პროექტთან მიმართებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, პირველ ყოვლისა, იმუშაოს იმაზე, რომ დაფინანსება მოიძიოს ამ პროექტისთვის, უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომელიც მათ ნაკისრი აქვთ საინვესტიციო ხელშეკრულებით. ჩვენი მხრიდან, სახელმწიფო ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე საინვესტიციო ხელშეკრულებით გვევალებოდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი – გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.